COVID-19 - ბოლო ცნობები

ტიკარაძე: ქვემო ქართლის რეგიონი განმეორებით მოწმდება

მარნეულსა და ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, შეზღუდვებია დაწესებული – დახურულია ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. მარნეულსა და ბოლნისში განმეორებითი შემოწმება მიმდინარეობს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მარნეულში მცხოვრები 62 წლის ქალის კორონავირუსით ინფიცირების წყარო მოკლე ხანში ვერ დადგინდა და ეს შემთხვევა შიდა გავრცელებად ჩაითვალა. 

ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლები გაიხსნება ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება

ტიკარაძის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა.

„ერთი ინფიცირებულიდან გამოვლენილი იყო 150-ზე მეტი კონტაქტი. 150 კონტაქტიდან ინფიცირებული იყო მხოლოდ 14, რაც საკმაოდ კარგად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელია. დღეს მიმდინარეობს რეგიონის უკვე მეორედ შემოწმება, რადგან ვიცით, რომ ვირუსს ახასიათებს შედარებით გვიანი გამოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პირი იყოს გამოვლენილი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, მარნეულელი 62 წლის ქალი, რომელიც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო უკვე დატოვა.

მარნეულსა და ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, შეზღუდვებია დაწესებული. დაიხურა ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

მარნეულსა და ბოლნისში 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნა, კონტროლდება შიდა გზებიც. შსს-ს თანამშრომლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში იცავენ წესრიგს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე.

10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 54, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4908 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 429 პაციენტია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.