COVID-19 - ბოლო ცნობები

აჭარაში ჩინოვნიკებს პრემიების ბიუჯეტში დაბრუნება აიძულეს

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაში ყოვლად დაუშვებელია პრემიებისა და დანამატების გაცემა.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. იმ ჩინოვნიკებმა, რომლებმაც ხულოს მერიის თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემის ნებართვა გასცეს, „ყვითელი ბარათი“ მიიღეს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

რამდენიმე დღის წინ ხულოს მერიის 16-მა თანამშრომელმა პრემიები მიიღო, თუმცა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მასმედიაში გავრცელდა, თანხა ბიუჯეტში დააბრუნეს.

„თანხა ბიუჯეტში სასწრაფოდ იქნა დაბრუნებული. გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ მხოლოდ პოლიტიკური და პარტიული „ყვითელი ბარათით“ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს პრემიები თანამშრომლებზე იყო გაცემული“, – განაცხადა რიჟვაძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაში ყოვლად დაუშვებელია პრემიებისა და დანამატების გაცემა.

საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ახორციელებს, თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია.

ნავთობზე ფასების ვარდნისა და პანდემიის ფონზე ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით გაუარესდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკის ისეთმა სფეროებმა, როგორიცაა ტურიზმი, დასვენებისა და გართობის სფეროები, ასევე ტრანსპორტი და სავაჭრო სექტორი, სერიოზული ზარალი განიცადეს. გარდა ამისა, ამ სფეროებში დასაქმებული ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა.

ეკონომიკის დახმარების მიზნით ხელისუფლებამ 2 მილიარდი ლარი გამოყო, შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა და გაატარა შესაბამისი ზომები. აღნიშნული თანხა მოქალაქეების გარკვეული ფენის კომუნალური გადასახადების დაფარვას და ბიზნესის დახმარებას მოხმარდება.

მთავრობის ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 52, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4908, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 430 პაციენტია.