თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. კორონავირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნადაა განპირობებული გვიანი მიმართვით, ამიტომ აუცილებელია პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს, განაცხადა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.
10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 54, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4908 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 429 პაციენტია.
გოფოძის განცხადებით, ექიმისთვის გვიანი მიმართვა მკურნალობის პროცესის გართულებების საფუძველი ხდება.
„როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, ჯერ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან გქონდეთ კომუნიკაცია და შემდგომ, საჭიროებიდან გამომდინარე, მოხდება ჰოსპიტალიზაცია. ვიდრე საშუალება გვაქვს, ვისაც აქვს კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ყველას მივიღებთ და ვუმკურნალებთ“, - განაცხადა გოფოძემ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.