COVID-19 - ბოლო ცნობები

ტიკარაძე: დღევანდელი რეალობა მოვლენების განვითარების საუკეთესო სცენარს ემთხვევა

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში ვირუსის გავრცელების ის ფაზა არაა, რომ მასობრივად მოხდეს მოქალაქეებისთვის სწრაფი ტესტების ჩატარება.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი დღევანდელი რეალობა ემთხვევა იმ განსაკუთრებით საუკეთესო სურათს, რომელიც შეიძლება ჩვენი მიზანი ყოფილიყო, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა

მისი სიტყვებით, მთავრობა ყველაზე ცუდი სცენარისა და ყველაზე რთული გამოწვევებისთვის ემზადებოდა.

„რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია და ამას შემდეგი კვირის ბოლოდან ველოდებით, მაგრამ ვთვლით, რომ ეს ზრდაც დინამიკური, მართვადი იქნება და ჯანდაცვის სისტემა ამ პროცესების მართვას საკმაოდ კარგად შეძლებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში ვირუსის გავრცელების ის ფაზა არაა, რომ მასობრივად მოხდეს მოქალაქეებისთვის სწრაფი ტესტების ჩატარება.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების ის კოეფიციენტი არაა, როდესაც შეიძლება გადატანილი ინფექციების ძიება. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ალგორითმის გაფართოება არ იგეგმება. თუმცა, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას. ჩვენ განვიხილავთ იმასაც, რომ შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ ტესტირება ყველა უსიმპტომო მოქალაქეს ჩაუტარდეს“, – დასძინა ტიკარაძემ.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 52, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4908, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 430 პაციენტია.