„ცხოველებს ადამიანები ენატრებათ“ - როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თბილისის ზოოპარკი

მსოფლიოს ზოოპარკების უმეტესობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილია. გამონაკლისი არც თბილისის ზოოპარკია, აქ ახლა სიჩუმემ და სიცარიელემ დაისადგურა. იხილეთ "Sptunik-საქართველოს" ვიდეო, როგორ ცხოვრობენ თბილისის ზოოპარკის ბინადრები სტუმრების გარეშე.
Sputnik

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აღნიშნავს, რომ ცხოველებმა სტუმრების გარეშე მოიწყინეს, ეს ხომ მათთვისაც ერთგვარი გასართობია.

„ზოოპარკის პერსონალი არ წყვეტს მუშაობას, საქმე საკმაოდ ბევრი გვაქვს. სამუშაო დღეები ისე გავანაწილეთ, რომ თანამშრომლებმა ორ დღეში ერთხელ იარონ. ახლა ზოოპარკში ყოველდღიურად დაახლოებით 30 ადამიანია. გამომდინარე იქიდან, რომ ზოოპარკი საკმაოდ დიდია, პერსონალს საშუალება აქვს აუცილებელი დისტანცია დაიცვას", - განაცხადა გურიელიძემ.

მიუხედავად რთული სიტუაციისა, ცხოველები არ წყვეტენ ჩვეულ რიტმში ცხოვრებას. ზოოპარკში მატებაც კი არის - დაიბადნენ კოზაკი, პონის კვიცი და ფაფრიანი ცხვარი.

თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა. მის ასაშენებლად ვერეს ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტარი ტერიტორია გამოიყო. ზოოპარკში იყო მაიმუნების ვოლიერი, აკვარიუმი და ტერარიუმი.

დროთა განმავლობაში ქალაქი გაფართოვდა, ზოოპარკი ქალაქის ცენტრში აღმოჩნდა. 2015 წლის დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად ზოოპარკის ინფრასტრუქტურა განადგურდა. 600 ბინადრიდან ნახევარზე ნაკლები გადარჩა. კატასტროფის შემდეგ ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანა გადაწყდა.