თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში ხომალდ „ბელატრიქსზე“ ხანძრის დროს ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს, იუწყება პირველი არხი.
ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო ოპერაცია ქართველი მეზღვაურების მონაწილეობით წარიმართა. ცეცხლმოკიდებული გემიდან მათ მოახერხეს ეკიპაჟის ყველა წევრის უვნებლად გადაყვანა თავიანთ გემზე, პანამის დროშით მცურავ მშრალ ტვირთმზიდზე „არიფე“. აღნიშნულ გემზე საქართველოს ექვსი მოქალაქეა დასაქმებული.
სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მესამე რანგის კაპიტანმა გიორგი თუშმალიშვილმა აღნიშნა, რომ გადარჩენილ მეზღვაურებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.
თუშმანიშვილის ინფორმაციით, გადარჩენილ მეზღვაურებს იტალიის ერთ-ერთ პორტში გადაიყვანენ. რაც შეეხება ქართველ მეზღვაურებს, ისინი არ დაშავებულან და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.