თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატი „ივერმეკტინი“ ხელს უშლის COVID-19-ის შეღწევას ადამიანის უჯრედებში და ამიტომ ის ეფექტური იქნება კორონავირუსის სამკურნალოდ — მინიმალური გვერდითი მოვლენებით, აცხადებენ ავსტრალიელი მეცნიერები, რომელთა შრომა გამოქვეყნებულია ჟურნალში Antiviral Research.
ლაბორატორიული ცდებისას გაირკვა, რომ „ივერმეკტინი“ ამუხრუჭებს უჯრედების ბირთვში ვირუსების შეღწევას. ეს ეხება არა მარტო კორონავირუს COVID-19-ს (SARS-CoV-2), არამედ სხვა კორონავირუსებსაც, აიდ-ინფექციასაც და ასევე RNA–ვირუსებსაც, რომლებიც ყოველწლიურ რესპირატორულ დაავადებებს იწვევს.
მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ლაბორატორიულ პირობებში ეს პრეპარატი დაახლოებით 5 ათასჯერ ამცირებს კორონავირუსის „დაგროვებას“.
მონაშის უნივერსიტეტისა და მელბურნის სამეფო ჰოსპიტლის სწავლულებმა COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს „ივერმეკტინი“ ინფიცირებიდან ორი საათის შემდეგ მისცეს. პრეპარატის ერთმა დოზამ 24 საათის შემდეგ 93%-ით შეამცირა ვირუსული RNA-ს რაოდენობა, ხოლო კიდევ 24 საათის შემდეგ — 99%-ზე მეტით. ამასთან, ცდის პერიოდში არ გამოვლენილა პრეპარატის ტოქსიკური ეფექტი.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 484 811 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 88 538 და განკურნებულია 329 826 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან.
ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 432 132 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (148 220), მესამეზე — იტალია (139 422).
ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 62-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.