COVID-19 - ბოლო ცნობები

სვანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ამ დროისათვის ინფიცირებულის ახლო კონტაქტების დასადგენად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცს 50-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტში 53 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში Covid-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს კორონავირუსი საკუთარი დისგან გადაედო, შემთხვევა ეროვნული ბანკის კლასტერთანაა დაკავშირებული.

„მამაკაცს მისი დისგან გადაედო, რომელიც, თავის მხრივ, ქმრისგან დაინფიცირდა. ქმარი, სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკში მუშაობს. ცხელების ცენტრში ასევე გადაყვანილი არიან ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები, მათ შორის დედა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება“, - განაცხადა ლენტეხის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა. 
ახალი ინფიცირებულები საქართველოში – ინფიცირების წყარო ცნობილია

ლენტეხის მერის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევის გამო, შესაძლებელია, ლენტეხში ზომები გამკაცრდეს.

53 წლის ინფიცირებული მამაკაცი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამკურნალოდ გუშინ, ღამით გადაიყვანეს.

„პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევები, დაეწყო სიმპტომური მკურნალობა. იყო პნევმონიაზე ეჭვი და მიეცა ანტიბიოტიკიც. დილით მდგომარეობა გახდა დამაკმაყოფილებელი. კორონავირუსის დადასტურება გუშინ მოხდა", - განაცხადა ჯანდაცვის ცენტრის ლენტეხის რეგიონული კლინიკის მენეჯერმა გრიგოლ ტურძელაძემ.

ამ დროისთვის ინფიცირებულის ახლო კონტაქტების დასადგენად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცს 50-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 50, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4722 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 408 პაციენტია.