COVID-19 - ბოლო ცნობები

ახალი ინფიცირებულები საქართველოში – ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კრონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველა მათგანი უცხოეთს უკავშირდება, განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

„ეს კატასტროფა არაა“ – ეზუგბაია საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ

მარტის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემის პროცესი დაიწყო.

„ექვსი ახალი პაციენტიდან სამი ქუთაისშია გადაყვანილი, სამი – თბილისში. არც ერთი შემთხვევა არ უკავშირდება შიდა გადაცემას. როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა არის შემოტანილი შემთხვევა. წყარო არის ცნობილი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის ინფექციით 13 პაციენტია მოთავსებული. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ხუთ ადამიანს კი პნევმონია განუვითარდა, განაცხადა ჟურნალისტებთან ინფექციონისტმა ნინო ალხაზიშვილმა.

9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 50, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4 722 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 408 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტიდან შევიდა. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი მოქმედებს კომენდანტის საათი.