COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში ერთ დღე-ღამეში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოვლინდა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პოლიციამ 8 აპრილის 21:00 საათიდან 9 აპრილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა. 

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებისა და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 15 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 27 პირი დაჯარიმდა.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით: ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარით და იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარით, ხელახალი დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულია და დამრღვევს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 50, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4722  ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 408 პაციენტია.