COVID-19 - ბოლო ცნობები

„ეს პირობითია“ – გახარია კორონავირუსთან დაკავშირებული პროგნოზების შესახებ

პრემიერის სიტყვებით, დღეს ქვეყანა ინფექციის შიდა გადაცემის ეტაპზე იმყოფება და ეპიდემიოლოგებისთვის ჯერჯერობით რთულია პიკის დადგომის ზუსტი პერიოდის დასახელება.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ, თუმცა, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ყველა პროგნოზი პირობითია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა

გახარიას სიტყვებით, დღეს ქვეყანა ინფექციის შიდა გადაცემის ეტაპზე იმყოფება და ეპიდემიოლოგებისთვის ჯერჯერობით რთულია პიკის დადგომის ზუსტი პერიოდის დასახელება.

„პიკს ველოდებით აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისისკენ. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს ისეთი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ – მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი ვმოქმედებთ ყოველდღიურობის პირობებში და, სამწუხაროდ, ზუსტი პროგნოზების გაკეთების საშუალება ჯერ არ გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა როგორც მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისა და ეკონომიკისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 50, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4 722  ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 408 პაციენტია.