ერთად გადავარჩინოთ ბაზარი: აშშ ნავთობის მოპოვებას ამცირებს

OPEC+-ის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების დღევანდელი თათბირი ალიანსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.
Sputnik

მაქსიმ რუბჩენკო

მთავარი თემაა ნავთობის მოპოვების შემცირება ფასების ვარდნის შესაჩერებლად, რაც რამდენიმე კვირაში თითქმის გაორმაგდა. თუმცა, განსაკუთრებული შეთანხმებების მოლოდინი არ ღირს. 

არაბული ხრიკი

დისკუსიები მწვავე იქნება, თუმცა ნავთობის მოპოვების ზოგადი შემცირება უკვე შეთანხმებულია: დღე-ღამეში 10 მილიონი ბარელი. საუდის არაბეთი მზად არის, საკუთარი წარმოება 3 მილიონი ბარელით შეამციროს, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროები, ერაყი და რუსეთი 1,5-1,5 მილიონით შემცირებას აპირებენ.

მოსაზრება: რუსეთი, OPEC-ი და აშშ ახალი წესრიგის დასამყარებლად ემზადებიან

ერთი შეხედვით, ეს რუსეთისთვის საკმაოდ მიმზიდველია: შემცირება OPEC+-ის წამყვანი ქვეყნების დონეზე და ამასთანავე საუდის არაბეთზე ორჯერ ნაკლები. ესე იგი, რუსეთის წილი მსოფლიო ნავთობბაზარზე შემცირდება.

მაგრამ არაბებმა მოსკოვისთვის ხაფანგი მოამზადეს. ათვლა ხომ მოპოვებების ამჟამინდელი დონიდან მიმდინარეობს, OPEC-ის ქვეყნებმა კი აპრილში მკვეთრად გაზარდეს წარმოება. კერძოდ, საუდის არაბეთმა — 2,5 მილიონი ბარელით. ამ გზით ერ-რიადის მიერ დაპირებული 3 მილიონი ბარელი მხოლოდ ნახევარ მილიონად გადაიქცევა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოპოვება 1 მილიონი ბარელით გაიზარდა, ერაყში — 200 ათასით. რუსეთმა კი მარტის დონე შეინარჩუნა. შედეგად - მოსკოვს ბრუნვიდან 1,5 მილიონი ბარელის ამოღება (ანუ უფრო მეტის, ვიდრე OPEC-ის ნებისმიერ პარტნიორს) და კარტელისთვის ბაზრის ნახევრის დათმობა მოუწევს.  

მოსკოვმა ეს კარგად იცის, ამიტომ დღევანდელ მოლაპარაკებებში რუსეთის მთავარი პირობა - მოპოვებების შემცირების ათვლა მარტის მოცულობებიდან დაიწყოს. საუდის არაბეთი ამას არ ეთანხმება და OPEC-ის ახალი შეთანხმების შანსი ნულთან ახლოსაა.

დაველოდოთ პარასკევს 

OPEC-ი ნავთობის მოპოვების შემცირების რადიკალურ ვარიანტებს განიხილავს

თუმცა ამ ჩიხიდან გამოსავალი მაინც არსებობს. OPEC+-ის მონაწილეებს ყველაზე მეტად ამერიკელებისთვის ბაზრის დათმობის პერსპექტივა აშინებთ, რომლებიც აქამდე მხოლოდ ზრდიდნენ მოპოვებებს.  

შეერთებული შტატებს შემდგომი ექსპანსიისგან თავშეკავების ვალდებულება რომ აეღო, ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნებოდა. მაგრამ ვაშინგტონი არ მონაწილეობს OPEC+-ის მოლაპარაკებებში. სამაგიეროდ, ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დენი ბრუიეტი ხვალ, 10 აპრილს მიიღებს მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრაში. აი, იქ კი შესაძლებელია ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის ხელშეწყობაში გადაწყვეტილებების მიღება. 

ვაშინგტონმა უკვე განაცხადა, რომ არ აქვს უფლება, მიუთითოს ნავთობის კერძო კომპანიებს, თუ რა რაოდენობის ნავთობი უნდა აწარმოონ. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, აქ ყველაფერს „შეთავაზება და მოთხოვნა“ განსაზღვრავს.

„ეს ავტომატურად ხდება“, — განმარტა ამერიკის პრეზიდენტმა ორშაბათს. — „ამერიკული კომპანიები უკვე ამცირებენ წარმოებას — და ძალიან სერიოზულადაც“.

მართლაც, სამშაბათს ExxonMobil-მა კაპიტალდაბანდების 30%-ით შემცირება გამოაცხადა, რაც შემდეგი წლისთვის ნავთობის მოპოვებას დღე-ღამეში 100-150 ათასი ბარელით შეამცირებს, ძირითადად ფიქალური საბადოების ხარჯზე. Chevron-ი გეგმავს ინვესტიციის 20%-ით შემცირებას, მათ შორის, უარს ამბობს მეფიქალეების დაფინანსებაზე (მათთვის, სავარაუდოდ, 2 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყოთ).

მათ არ ჩამორჩა აგრეთვე ერთ-ერთი უდიდესი ფიქალური ნავთობკომპანია Continental Resources. „COVID-19-ის გამო ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე გლობალური მოთხოვნა 30%-ით შემცირდა. შესაბამისად, აპრილსა და მაისში მოპოვებას ამავე რაოდენობით შევამცირებთ“, — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ ბერიმ.  

ვითარება ნავთობბაზარზე: OPEC-ის სხდომის წინ ნავთობის ფასები ზრდას განაგრძობს

„ამერიკის ნავთობის ინდუსტრია შემცირებას იწყებს, რასაც OPEC+-ის ქვეყნები დაჟინებით მოითხოვენ“, — დაწერა Twitter-ზე Bloomberg-ის წამყვანმა კორესპონდენტმა ენერგეტიკის საკითხებში ჟავიე ბლასმა. — რა თქმა უნდა, ყველაფერი კაპიტალის ხარჯებზე დაბალი ფასების გავლენით აიხსნება, მაგრამ, ცხადია, OPEC+-ს ეს სრულად აწყობს“.  

ოთხშაბათს აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველომ მიმდინარე წელს ნავთობის მოპოვების პროგნოზი შეასწორა: არა 12,99 მლნ, არამედ 11,8 მილიონი ბარელი დღე-ღამეში. ეს ვარდნა (დაახლოებით 1,2 მილიონი ბარელი) სასწაულებრივად დაემთხვა იმას, რაზეც ამერიკელებს მოუწევდათ წასვლა, თუ OPEC+-ის მოლაპარაკებებში მიიღებდნენ მონაწილეობას.

თუ პარასკევს მოლაპარაკება არ შედგება, ბაზარს ძლიერი შოკი ელოდება. „მიგვაჩნია, რომ აპრილში Brent-ის ფასი ბარელზე 10 დოლარამდე დაეცემა და, სავარაუდოდ, მეორე კვარტალშიც ამ დონეზე დარჩება“, — ამბობს ანალიტიკური კომპანია IHS Markit-ის ენერგოკონსულტაციის ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ შუმი.

რეიტინგული სააგენტო Fitch-ის ანალიტიკოსები კიდევ უფრო პესიმისტურად არიან განწყობილი. მათი პროგნოზით, შავი ოქროს ფასები „ერთმნიშვნელოვან მინიმუმს“ მიაღწევს.