COVID-19 - ბოლო ცნობები

ექიმები ექიმებისთვის – თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სპეცინვენტარი გადაეცა

რესპუბლიკურმა საავადმყოფომ NITROCARE-ის ფირმის სამედიცინო დანიშნულების ათი ელექტროფუნქციური საწოლი საჩუქრად ერთ-ერთი კლინიკისგან მიიღო.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთმა სამშობიარო სახლმა – გაგუას კლინიკამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ათი სამედიცინო ელექტროფუნქციური საწოლი გადასცა, ნათქვამია კლინიკის Facebook-გვერდზე.

საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სამედიცინო დაწესებულება – თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდა, სადაც კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს ათავსებენ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა

„ქვეყნისთვის უმწვავესი გამოწვევის ფონზე გაგუას კლინიკამ მიიღო გადაწყვეტილება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად რესპუბლიკური საავადმყოფოს საჩუქრად გადასცეს NITROCARE-ის ფირმის სამედიცინო დანიშნულების ელექტროფუნქციური საწოლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაგუას კლინიკა ამ ფორმით გამოხატავს საზოგადოებისა და სამედიცინო პერსონალისადმი მხარდაჭერას.

„ეპიდემიის დასამარცხებლად თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და მასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივად, საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ძალისხმევით“, – ნათქვამია განცხადებაში.

რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა სპეციალური ტრენინგები გაიარა და პაციენტებთან დაკავშირებით ინსტრუქციები მიიღო, რათა ინფიცირების რისკი მინიმალური იყოს.

სამთავრობო ვებ-გვერდის stopcov.ge ცნობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 50. გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4 559,  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 353 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტიდან შევიდა. ამასთან, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.