COVID-19 - ბოლო ცნობები

რატიანი: დაიცავით დისტანცია – შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებელი და არ ვიყოთ დაავადებული

ლევან რატიანის განმარტებით, 80 პროცენტი ადამიანებისა, შესაძლოა, ინფექციის მატარებელი იყვნენ, მაგრამ არა – დაავადებული. ასეთი ადამიანები საშიში არიან საზოგადოებისთვის
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ შესაძლოა, ინფიცირებულთა 80 პროცენტი კლინიკური ნიშნების გარეშე იყოს, რაც საზოგადოებისთვის საშიშია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 54 პაციენტი რჩება. 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მძიმედ იყო, შედარებით გაუმჯობესდა. კლინიკაში კიდევ 5 მძიმე პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა  

ლევან რატიანის თქმით, რეკომენდირებულია სოციალური დისტანცირება.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 13 მარტს გამოაქვეყნა სამყაროს გამოცდილება, რომ 80 პროცენტი ადამიანების, შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული. ასეთი ადამიანები საშიში არიან საზოგადოებისთვის. რაც შეეხება 20 პროცენტის, მათგან 17 პროცენტს, შესაძლოა, დასჭირდეს სტაციონარიზაცია თერაპიის განყოფილებაში საშუალო და მსუბუქი ფორმით. სამ პროცენტს, შესაძლოა, დასჭირდეს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა რატიანმა.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, მომავალში რომ არ დაირღვეს სოციალური დისტანცირების წესი, ჟურნალისტებს ინტერვიუს განსხვავებული ფორმით მისცემს.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ინფიცირებულებს შორის ეროვნული ბანკის თანამშრომლები არიან>>

8  აპრილის   მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 48, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4682  ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.