COVID-19 - ბოლო ცნობები

დახურული ბაზრების დილემა: როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესი და მომხმარებელი

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო რეგიონების შემდეგ აგრარული ბაზრები თბილისშიც დაიხურა, რამაც როგორც მომხმარებელთა, ისე ბიზნესმენთა აღელვება გამოიწვია.
Sputnik

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, 3 კი გარდაცვლილია, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა მთავრობის ხსენებული გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასა.

საქმე ის არის, რომ აგრარული ბაზრის მომხმარებელი, განსაკუთრებით დედაქალაქში, მოსახლეობის უფრო დაბალშემოსავლიანი ნაწილია, რომელიც ბაზარში პროდუქტის შედარებით იაფად შესაძენად დადის. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ხელისუფლების მოწოდებისა, დარჩნენ სახლში, თბილისის ბაზრებში ბოლო დრომდე ხალხმრავლობა იყო.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ახლა, ბაზრების დახურვის შემდეგ, სულ უფრო ხშირად ისმის ისეთი ფრაზები, როგორიცაა „სუპერმარკეტები გაძღებიან“, „ფასები გაიზრდება“, „გაძნელდება ყიდვა“.

ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა დაამშვიდოს და არწმუნებს მას, რომ ბაზრების დახურვა დროებითი მოვლენაა და ამით მომხმარებელი არ დაზარალდება.

რატომ დაიხურა ბაზრები

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბაზრების დახურვა მთელ ქვეყანაში იმიტომ გადაწყდა, რომ ეს ადგილები კორონავირუსის გავრცელების რისკის ზონას განეკუთვნება.

„აგრარული ბაზრები დაავადების გავრცელების მაღალი რისკის ზონას წარმოადგენს, ამიტომ გადაწყდა ბაზრების ფუნქციონირების შეზღუდვა. მაგრამ, ბუნებრივია, იქნება გამონაკლისები, რომლებზეც გადაწყვეტილებას ადგილზე მიიღებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისი სიტყვებით, იმისთვის, რომ ბაზრებში მუშაობა განახლდეს, სურსათის სააგენტომ და ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს.

როგორც დავითაშვილმა განაცხადა, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ სურსათის სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული სტანდარტების რეკომენდაციებს, ისინი შეძლებენ იმუშაონ, ძირითადად, საბითუმო გაყიდვებზე იმ რეჟიმში, რომელიც წესებითაა გაწერილი.

წესები ბაზრებისთვის

წესების თანახმად, ბაზრის შესასვლელთან უნდა დაიდგას დისპენსერები სადეზინფექციო ხსნარით, დახურული ბაზრების შიდა სივრცე უნდა განიავდეს ხშირად, ბაზრის ტერიტორიას კი რეგულარულად ჩაუტარდეს დეზინფექცია. ასევე ბაზრის ტერიტორიაზე საპირფარეშოებისა და პირსაბანების საკმარისი რაოდენობა უნდა იყოს.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში მომუშავე საწარმოებში ინსპექტირება იწყება

დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს აგრეთვე ბაზრის ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას. გამყიდველები კი ტერიტორიაზე მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ტემპერატურის შემოწმების შემდეგ უნდა დაიშვებოდნენ. მათ არ შეუშვებენ ბაზრის ტერიტორიაზე, თუ ისინი რისკის ჯგუფს ეკუთვნიან, თუ ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულებთან, ან აქვთ რესპირატორული დაავადების ნებისმიერი ნიშანი.

მომხმარებელთა ნაკადი გაკონტროლდება. ამასთან, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ პირბადეებით და ერთჯერადი ხელთათმანებით. მომხმარებელსა და გამყიდველს შორის დაცული უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრის დისტანცია.

ფოთის ბაზარში რკინის ფულს დეზინფექციას უკეთებენ, ქაღალდისას - აუთოებენ>>

ბაზრების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად დირექტორს უფლება ექნება, დააწესოს ვაჭრობის წესები, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის დღე, ხორცისა და ყველის დღე და ა.შ.

ბიზნესს დაეხმარებიან

დედაქალაქში ფასების ხელოვნურად გაზრდის თავიდან ასაცილებლად უკვე იგეგმება სამი საბითუმო ბაზის გახსნა.

„ჩვენ უკვე მოვამზადეთ და ხვალ-ზეგ თბილისის სამ წერტილში გაიხსნება კეთილმოწყობილი საბითუმო ბაზრები. ისინი თავის თავზე აიღებენ ახალი ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობას, რომელიც იქნება როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის რეგიონებიდან. და, გამომდინარე აქედან, ჩვენ არ ველოდებით ფასების ზრდას“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.

თბილისში ხილ-ბოსტნეული სამ ალტერნატიულ სავაჭრო ცენტრში გაიყიდება

მისი თქმით, მაღაზიები შეძლებენ ბოსტნეულისა და ხილის შეძენას ამ საბითუმო ბაზრებში ან სხვა რეგიონებში, სადაც ასევე გაიხსნება საბითუმო ბაზები.

გარდა ამისა, იქმნება ახალი პლატფორმა, რომელზეც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

„შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, არის სპეციალური საბითუმო-სავაჭრო ქსელი „ჯიბე“, სადაც სპეციალურად საგანგებო პირობების შემთხვევაში განისაზღვრა ვაჭრობის ახალი პლატფორმა, სადაც ფერმერები შეძლებენ, მოვაჭრეებს ბითუმად მიაწოდონ თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი პროდუქტი. ფაქტობრივად, თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი, ორგანიზებული სავაჭრო პლატფორმა, რათა სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით და დაავადების გავრცელების შემცირების პირობებში მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 206 როგორც აგრარული, ისე სხვა სახის პროდუქციის ბაზრობა, რომელთაგან 66 თბილისში მდებარეობს. ბაზრებში 43,2 ათასი ადამიანი ვაჭრობს. ამასთან, თბილისში მათი რიცხვი 17,8 ათასია.