COVID-19 - ბოლო ცნობები

ვანსა და ქობულეთში, შესაძლოა, კონტროლი გამკაცრდეს

8  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 48
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანსა და  ქობულეთში მარნეულისა და ბოლნისის მოდელების განხორციელება ამ ეტაპზე არ განიხილება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყობა>>

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. დაიხურა ყველა ობიექტი, აიკრძალა მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ინფიცირებულებს შორის ეროვნული ბანკის თანამშრომლები არიან

ტიკარაძის განცხადებით, ამის მიუხედავად, შესაძლოა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საღამოს კვლავ შეიკრიბოს და ზომების გამკაცრების საკითხზე იმსჯელოს.

„დღეის მდგომარეობით, საბჭომ იმსჯელა და ბოლნისის მოდელის განხილვა ამ რეგიონებში არ განიხილება, თუმცა აქ მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დეტალური და ინტენსიური გამოძიება, მოკვლევა ამ კონტაქტების. შეიძლება, დამატებით დღეს საღამოს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გამკაცრებებზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპისთვის ვანში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი და უკვე 5 ათასი მოქალაქეა გამოკვლეული.

ქობულეთის საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეაჩერა

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში კონტროლის სპეციალური რეჟიმი დაწესდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის შესასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყო და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით მოწმდებიან. საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი ახალი შემთხვევა, რომლის კონტაქტების დადგენა ახლა მიმდინარეობს, ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ქობულეთში კორონავირუსი დაუდასტურდა კაცს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ქობულეთის კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. აღნიშნული ფაქტის გამო ქობულეთის რაიონულმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეაჩერა.  

8  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 48, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4682  ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.