COVID-19 - ბოლო ცნობები

ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყობა

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 48 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნა იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს ცხრა ქალაქში მოქმედებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრების, ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის და მოქალაქეთა თერმოსკრინინგის მიზნით 31 მარტიდან საქართველოს ცხრა მსხვილ ქალაქში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო. ბლოკ-პოსტები თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, რუსთავის, გორის, თელავისა და ახალციხის შესასვლელებშია განთავსებული.

ჩიქოვანის განცხადებით, სპეციალური საკონტროლო-გამშვები პუნქტები ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებშიც მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან.   

„კორონავირუსის ერთ-ერთი ახალი შემთხვევა უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა. დადგენილია გარკვეული კონტაქტები, ასევე მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღებული იქნა იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს ცხრა ქალაქში მოქმედებს, შემოღებული იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, ასევე მუნიციპალიტეტის შესასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნტქები, სადაც მოხდება თერმოსკრინინგი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 48, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.