COVID-19 - ბოლო ცნობები

ზალკალიანი: სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ექვსი ავიარეისი შესრულდება

ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება უცხოეთში მქოფ თანამემამულეებს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას ჩარტერული რეისების შესახებ.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად  დამატებითი სპეცრეისების დანიშვნის საკითხზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს. საქართველოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე 14 დღით საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ექვსი ავიარეისი შესრულდება. 10 აპრილს განხორციელდება თბილისი–ლარნაკა–თბილისი, 12 აპრილს – ბერლინი-თბილისი და 14 აპრილს – ამსტერდამი-თბილისი.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით კიდევ სამი დამატებითი რეისი დაინიშნა. მათ შორის თელ–ავივიდან, რომელიც 18 აპრილს განხორციელდება, ასევე რომიდან და ბარსელონიდან 24 და 27 აპრილს. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ დამატებითი რეისების და სპეცრეისების შესახებ და რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ“, - განაცხადა ზალკალიანმა. 
ცერცვაძე: კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს

აღნიშნული ფრენები, ისევე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა ავიარეისები, განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა განთავსებას ჭადრაკის დაფის პრინციპით, თითოეულ ბორტზე არაუმეტეს 120 მგზავრისა. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროს ოდენობით.
ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება უცხოეთში მქოფ თანამემამულეებს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას ჩარტერული რეისების შესახებ, რომლებიც კვირაში რამდენჯერმე ხორციელდება.

დღეისათვის ქვეყანაში ორგანიზებულად დაახლოებით 5 ათასამდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, ადგილებზე კი დახმარება რამდენიმე ათას თანამემამულეს გაეწია.

საქართველოს მთავრობამ მარტის შუა რიცხვებში საზღვრები ჩაკეტა, 21 მარტიდან 21 აპრილამდე კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო მომენტამდე კარანტინის ზონად მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები იყო გამოცხადებული, სადაც კორონავირუსის აფეთქების ალბათობა იყო. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა.