თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. თბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი არ იქნება, მოვძებნეთ ალტერნატიული სამი სავაჭრო ცენტრი გლდანში, აკაკი წერეთლის გამზირზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიყიდება, განაცხადა სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თენგიზ კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
თბილისში აგრარული ბაზრები 7 აპრილს დაიკეტა. გარდა ამისა, აგრარული ბაზრები საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაიხურა. აგრარული ბაზრების დახურვა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მოხდა – ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
„ახალი სავაჭრო ობიექტი შესაბამისი პირობებით სთავაზობს თავის ფართს მათ, ვინც ვაჭრობდა სხვა ბაზრებში. ფართები კომპანია „ჯიბეს“ ეკუთვნის, რომელსაც ბაზარზე აქვს პირველადი მოხმარების პროდუქტი. ჩვენ კომპანიის წარმომადგენლები დავაკავშირეთ მარნეულსა და ბოლნისში ფერმერებთან და მოხდება ბოსტნეულის წამოღება რეგიონებიდან. პროდუქცია ახალ წერტილებში გაიყიდება. სეს-ის რეკომენდაციის იმედი გვაქვს, რომ შევაჩერებთ ინფექციას. რაც შეეხება რეგიონებს, იქ თანამშრომლობენ ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და, სეს-ის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბაზრები გაიხსნება“, – აღნიშნა კალანდაძემ.
კალანდაძის განცხადებით, საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა რეკომენდაციები, რომლებიც აგრარული ბაზრებისთვის ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავდა.
კერძოდ, გამიჯნული უნდა იყოს ბაზრის შესასვლელ–გამოსასვლელი. ტერიტორიაზე არ უნდა დაიშვებოდნენ 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები. ყველა ავტომობილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ხილისა და ბოსტნეული გაყიდვა უნდა ხდებოდეს დღეების მონაცვლეობით. მყიდველთა შორის უნდა მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე და ა.შ.
გუშინ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილამდე. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.
8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 208-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4674, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 362 პაციენტია.