ორსართულიანი შენობის გარშემო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მორიგეობენ. ისინი დღე-ღამის განმავლობაში ადევნებენ თვალყურს, რომ არავინ გადაკვეთოს კონტროლის გარეშე ტერიტორია. როგორც ქართული ტელეარხები იუწყებიან, შენობის კარანტინის ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.
კერძოდ, ესენი არიან 25 წლის მამაკაცი და მისი მშობლები. კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ მის მეუღლეს და ორ შვილსაც. მასმედიის ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა, შემოწმების შემდეგ კი დიაგნოზი დადასტურდა. მომდევნო დღეს კლინიკაში გადაიყვანეს მისი მშობლებიც, რომლებსაც აგრეთვე დაუდასტურდათ COVID-19.
როგორ ჟურნალისტებს შენობის ბინადრებმა განუცხადეს, ოჯახის წევრები, რომლებსაც დაუდგინდათ კორონავირუსი, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ეზოში ბოლო კვირის განმავლობაში, მათი შვილები ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობდნენ. სპეციალისტების აზრით, არსებობს რისკი, რომ ვირუსი, შესაძლოა, ინფიცირებულთა მეზობლებს გადაედოთ.