მსოფლიო დღეს

მთვარე ამერიკისაა: დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანებულება გამოსცა

მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ მთვარის პროგრამა „არტემისის“ განახლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც ადამიანის მთვარეზე მუდმივი ყოფნა იგეგმება.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ამერიკელებს კოსმოსური რესურსების მოპოვების უფლებას ანიჭებს, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, ექვსი თვის განმავლობაში სხვა ქვეყნებთან შესაბამისი შეთანხმების განხილვის შესახებ.

„ამერიკელებს შორეულ კოსმოსში კომერციული კვლევის ჩატარების, რესურსების მოპოვებისა და გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ კანონმდებლობის შესაბამისად. კოსმოსი, კანონმდებლობითა და ფიზიკურად, ადამიანის საქმიანობის უნიკალური დომენია და შეერთებული შტატები არ მიიჩნევს მას საზოგადო საკუთრებად“, — ნათქვამია დოკუმენტში.   

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები ამ მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მიღწევას აპირებს. 

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა, სხვა სამინისტროებმა და უწყებებმა საერთაშორისო დონეზე უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები კერძო და საჯარო კომპანიების მიერ მთვარესა და სხვა კოსმოსურ სხეულებზე რესურსების მოპოვების, განვითარებისა და გამოყენების შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გაფორმების მიზნით. 180 დღის განმავლობაში სახელმწიფო მდივანმა შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში უნდა წარადგინოს.

ამერიკელებმა მთვარე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადეს - დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია

როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტეს, შეერთებული შტატები ახალი საერთაშორისო დოკუმენტის მიღებას საჭიროდ არ მიიჩნევს, თუმცა ამ თემის პარტნიორებთან განხილვა სურს.

ბრძანებაში ხაზგასმულია, რომ აშშ მხარს უჭერს 1967 წლის ხელშეკრულებას კოსმოსის შესახებ, მაგრამ ეწინააღმდეგება 1979 წლის ხელშეკრულებას მთვარესა და სხვა ციურ სხეულებზე სახელმწიფოების საქმიანობის შესახებ, რომელზეც ამ დროისთვის 20-ზე ნაკლებ ქვეყანას აქვს მოწერილი ხელი.

ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება აშშ-ის პოლიტიკაში არანაირ ცვლილებას არ შეიტანს, ის მხოლოდ აძლიერებს მოქმედ პოზიციას და აგრეთვე ადასტურებს 2015 წელს კონგრესის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ამერიკელებსა და ამერიკულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, აწარმოონ კოსმოსური რესურსების, მათ შორის წყლისა და მინერალების კომერციული მოპოვება და გამოყენება.

მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ მთვარის პროგრამა „არტემისის“ განახლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამ პროგრამის ფარგლებში ადამიანის მთვარეზე მუდმივი ყოფნა იგეგმება, რაც მარსზე პილოტირებული მისიების გზაზე ახალი ეტაპი იქნება.

მთვარის ახალი პროგრამის ფარგლებში NASA, თავის მხრივ, მთვარის სიახლოვეს სადგურ Gateway-ს შექმნის იდეას განიხილავს,  საიდანაც მომავალში განხორციელდება ადამიანის ფრენები მთვარის ზედაპირზე და უკან მრავალჯერადი დასაჯდომი აპარატებით.

შეერთებულმა შტატებმა ბევრჯერ აღნიშნა, რომ „არტემისის“ რეალიზაციის პროგრამაში საერთაშორისო თანამშრომლობის იმედი აქვს.