„ქურდული შეკრება“ ჭიათურაში: სამი დაკავებულიდან ერთ-ერთი ინსპექტორ-გამომძიებელია

ქურდულ შეკრებაზე მანგანუმის მადნის მომპოვებელი ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელს მოგების ნაწილის გადახდას აიძულებდნენ
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. ჭიათურაში სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს, ჭიათურაში მოაწყვეს „ქურდული შეკრება“ და მანგანუმის მადნის მომპოვებელი ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელს აიძულებდნენ საწარმოს მოგების 30%-ის გადახდას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ზეწოლის შედეგად მისაღები თანხის ნაწილის კრიმინალური ავტორიტეტებისთვის განაწილებას აპირებდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს უკავშირდებოდნენ.

რას წერენ ქართული გაზეთები: გამოცხადდება თუ არა მასობრივი ამნისტია საქართველოში

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამავე საქმეზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს.

მ.ბ.-ს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.