თბილისი 7 აპრილი – Sputnik. საქართველოში დღეს კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ეპიდემიოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე.
ცერცვაძის განცხადებით, გარდაცვლილი კორონავირუსით ინფიცირებული 86 წლის ქალია, რომელსაც სხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა – მძიმე ნევროლოგიური დაავადება, მძიმე სეფსისი, მძიმე ორმხრივი პნევმონია.
"პაციენტის მდგომარეობა შეფასებული იყო მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები. ორი კვირის მანძილზე ეს პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა.
7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4708 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.
კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.