COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოვლინდა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პოლიციამ 6 აპრილის 21:00 საათიდან 7 აპრილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 112 მოქალაქე დააჯარიმა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებისა და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 28 მოქალაქე დააჯარიმა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 27 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 195-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი, გარდაიცვალა – 2, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 370 პაციენტია.