თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ახალგაზრდა ინოვატორებს შეხვდა, რომელთაც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო პროდუქციაზე თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
თურნავას სიტყვებით, ეკონომიკის სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ჩატარებული ონლაინ–ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა საკმაოდ ბევრი კრეატიული იდეა და პროექტი წარმოადგინეს.
კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისა და მოძიებისთვის გამართულ ონლაინ–ჰაკათონში კომპანია Edison Tech-მა გაიმარჯვა. კომპანიამ უნდა შექმნას პორტატიული სასუნთქი აპარატი. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც კრიტიკულ სიტუაციებში, ისე სახლის პირობებში. აპარატი ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის გათვლილი.
„ჩვენ დავეხმარებით მათ (კომპანიას – რედ.) დახვეწონ პირველი პროტოტიპი, რათა დადებითი დასკვნები მიიღონ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, მედიკოსებისგან და იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ეს დანადგარი იქნება საინტერესო, მოთხოვნადი და ასეთ შემთხვევაში წარმოებაშიც დავეხმარებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა გამომგონებელთა ჯგუფის სხვა ინოვაციური პროექტი – სამედიცინო პირბადის ელექტრონული ვერსია, რომელიც ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით ახდენს ადამიანის ვირუსებისგან დაცვას და სხვა დამატებითი ფუნქციებიც გააჩნია.
„ძალიან საინტერესო გამოგონებაა, თუმცა აქაც საჭიროა მისი დახვეწა და შესაბამისი დასკვნები, რომ დადასტურდეს შესაძლებელია თუ არა მისი სერიულად ჩაშვება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ჰაკათონში, რომელიც 3–5 აპრილს ჩატარდა, მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს – პროგრამისტებიდან, დიზაინერებიდან და სტარტაპერებიდან დაწყებული, ინჟინრებით, ქიმიკოსებითა და ჰუმანიტარებით დამთავრებული.
ორი დღის განმავლობაში ონლაინ–ჰაკათონის მონაწილეები თავიანთი მენტორების დახმარებით ქმნიდნენ ციფრული პროდუქტის პროტოტიპებს და ფიქრობდნენ, თუ როგორ დაეხმარებიან მსოფლიოს კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში მედიცინის, განათლების სფეროებში, დაავადების გავრცელების მონიტორინგში და ა.შ. ჰაკათონში მონაწილეობდა 28 გუნდი და ხუთი ინდივიდუალურად დარეგისტრირებული ადამიანი.