საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციის საკონსულო განყოფილებამ მუშაობა შეაჩერა

სავიზო ცენტრი ვიზების მისაღებად მხოლოდ სატვირთო ავტომობილების მძღოლების განცხადებებს მიიღებს, რამდენადაც საქართველოსა და რუსეთს შორის სატვირთო გადაზიდვები კვლავ ხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. კორონავისუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოსა და რუსეთში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის საკონსულო განყოფილებამ მუშაობა შეაჩერა, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა ევგენი კონიშევმა. 

როგორ დაბრუნდებიან სამშობლოში რუსეთის მოქალაქეები - ყველა ავიარეისი შეჩერებულია

„მუშაობა შეაჩერა საკონსულო განყოფილებამ, შეჩერებულია პასპორტებისა და მოქალაქეობის გაცემის პროცედურები. საკონსულო მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს განიხილავს“, – აღნიშნა კონიშევმა.

დიპლომატის სიტყვებით, ბესიკის ქუჩაზე მდებარე რუსული სავიზო ცენტრი ვიზების მისაღებად მხოლოდ სატვირთო ავტომობილების მძღოლების განცხადებებს მიიღებს, რამდენადაც, მიუხედავად საზღვრების დაკეტვისა, საქართველოსა და რუსეთს შორის სატვირთო გადაზიდვები კვლავ ხორციელდება.

ინტერესთა სექცია მუშაობას თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვით აგრძელებს.

„რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა იმის შესახებ, რომ 31 აპრილამდე ყველა თვითიზოლაციის რეჟიმში უნდა იყოს და ჩვენც, შესაბამისად, ვიცავთ აღნიშნულ ბრძანებას. ასევე, რა თქმა უნდა, ვიცავთ ქართული მხარის მიერ დაწესესებულ რეჟიმს – საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს“, – განაცხადა სექციის ხელმძღვანელმა „Sputnik–საქართველოსთან“.

რუსეთის ინტერესთა სექციის ვებ-გვერდზე შესაძლებელია მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც კორონავირუსის გამო ვერ ახერხებენ სხვა ქვეყნების დატოვებას და საჭიროებენ მატერიალურ დახმარებას.

ამისთვის რუსეთის მოქალაქეებმა სახელმწიფო მომსახურების ერთიან პორტალზე სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ. ვებ-გვერდზე არარეგისტრირებული მომხმარებლისთვის კი რეგისტრაციის გამარტივებული წესი მოქმედებს.

კონიშევის სიტყვებით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეებისგან მათთან განცხადება ჯერ არ შესულა. 

ბრძოლა COVID-19-თან: რუსეთი ჯანმოს მილიონამდე დოლარს გადაურიცხავს

16 მარტიდან საქართველო–რუსეთს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება საქართველოს და რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ და ასევე არ ეხება ტვირთების გადაზიდვებს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინი და საკომენდანტო საათი (21:00 საათიდან 06:00 საათამდე) ამოქმედდა.

რუსეთმა, თავის მხრივ, 27 მარტიდან ყველა ქვეყანასთან მთლიანად შეაჩერა ავიაფრენები, გარდა ჩარტერული რეისებისა, რომლითაც უცხოეთიდან რუსეთის მოქალაქეები ბრუნდებიან, 30 მარტიდან კი ყველა საზღვარი დაკეტა. ამასთან, 1 მაისამდე შეზღუდულია უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების ქვეყანაში შესვლა. რუსეთის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი მოქმედებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აპრილი არასამუშაო თვედ გამოაცხადა, ამ პერიოდში დასაქმებულ პირებს ხელფასი შეუნარჩუნდებათ. პრეზიდენტმა მოსახლეობას თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდა.