ორად გაყოფილი და ორ ცეცხლშუა აღმოჩენილი: ქართველ მეფეთა თავის ტკივილი

XIII საუკუნის 60–იანი წლები უმძიმესი ხანა იყო საქართველოსთვის. ქვეყანა ორ ნაწილად იყო გაყოფილი. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო დავით VII ულუს ეკუთვნოდა, რომელიც თავის მხრივ ილხანელ მონღოლთა ყაენს ემორჩილებოდა, ხოლო დასავლეთი დავით VI ნარინის კუთნილება გახლდა.
Sputnik

და თუ დავით ულუმ მორჩილება გამოუცხადა მონღოლებს, დავით ნარინი დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. უფრო მეტიც, ის ძალისხმევას არ იშურებდა, რომ ზიანი მიეყენებინა ილხანელი მონღოლებისათვის და ყაენთან დაპირისპირებულ ძალებთან მოკავშირეობდა. ერთ-ერთი მათთაგანი გახლდათ მონღოლი უფლისწული თეგუდარი.

ჩაღატაელთა ულუსის უფლისწული თეგუდარი და ილხანელ მონღოლთა ყაენი აბაღა ნათესავები იყვნენ. ამიტომაც აბაღამ თეგუდარის ურდოს სამომთაბარეოდ არტაანი გადასცა, რომელიც სამცხის საათაბაგოს მიეკუთვნებოდა.

„მადლიერმა“ თეგუდარმა ყაენს სიკეთე იმით გადაუხადა, რომ ანტიილხანური კოალიციის შეკვრა განიზრახა. ის დაუკავშირდა თავის ბიძაშვილის შვილს, ყაენ ბარახას (ბორაკა) და აბაღას  წინააღმდეგ ომში ჩართვა შესთავაზა. 

დავით ულუს ჯანყი მონღოლთა წინააღმდეგ და ერისთავ კახა თორელის ღალატი

ბარახა ყაენმა, მისი შიკრიკები მონღოლების კარგად მოწყობილ სასაზღვრო კონტროლს რომ დაძვრომოდნენ და უფლისწულისთვის გაგზავნილი საიდუმლო უსტარი აბაღას აგენტებს არ აღმოეჩინათ, ერთი ხერხი მოიფიქრა.  

ბარახას წარმომადგენლებმა თეგუდარს საჩუქარი გადასცეს — საგანგებოდ დამზადებული მშვილდ–ისარი და ანიშნეს, ერთ-ერთ ისარში საიდუმლო ინახებაო.

თეგუდარმაც გადატეხა ისარი და შიგ ბარახას ეპისტოლე აღმოაჩინა. ჩაღატაელთა ულუსის ყაენი თეგუდარს სწერდა, რომ თანახმა იყო, გაელაშქრა აბაღას წინააღმდეგ.

ეს იყო პასუხი თეგუდარის წერილზე, რომელშიც მონღოლი უფლისწული ჩაღატაელთა ყაენს სწერდა:

„რად მივსცემთ ყაენობასა და ქუეყანას დიდსა აბაღას. აწ წამოემართე მანდით შენ და აქთ - მე, და ორთავე შვმუსროთ აბაღა და ჩუენ დავიპყრათ ქუეყანა მისი“. 

აბაღასთან მოსალოდნელი ომის წინ, თეგუდარმა დავით ნარინთან დაამყარა მჭიდრო კავშირი. ეშინოდა, რომ დავითს ზურგიდან არ დაერტყა მისთვის. თანაც, წინდახედულად იმედოვნებდა, რომ მარცხის შემთხვევაში დასავლეთ საქართველოს შეაფარებდა თავს და აბაღასათვის მიუწვდომელი გახდებოდა.

მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: შეთქმულებს შეცდომა მოუვიდათ და მთვარის ორი მოქცევით შეეშალა პაემნის დრო. თეგუდარმა თავისდა უნებურად დაასწრო მოვლენებს და სანამ ბარახა ყაენი ილხანთა სახელმწიფოს დაესხმებოდა თავს, აჯანყება წამოიწყო. მაგრამ მარტომ ირანზე ლაშქრობა ვერ გარისკა და აბაღას სამფლობელოების, ქართლისა და სამცხის აოხრება-გაპარტახებას მიჰყო ხელი.

ამ თარეშმა დიდი ქონება დაუგროვა მონღოლ უფლისწულს. სომეხი ისტორიკოსი გრიგოლ აკანელი აღნიშნავს, რომ „თეგუდარი, ძლიერ გამდიდრდა მხედრობით, განძით, ოქროთო და ყოველგვარი საქნელით. 300 აქლემი და 150 ურემი განძი და მალი მოჰქონდა ხოლმე გარდა ცხენების, ჯოგებისა, ფარისა და ურიცხვისა. ცხენოსანთა რიცხვი იყო 40 ათასი, სახელოვანი და ფრიადი მებრძოლი და უშიში ყოველ ადგილს“.

გრიგორ აკანელი იმასაც გვიამბობს, რომ თეგუდარის მეომრები „ქვეყნის ქარავანს ხოცავდნენ, ავაზაკურად ეჭირათ გზები და ყველა საქონელს ართმევდნენ ქარავანს, რომლებიც დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქს. რამე მცირე სოფლებსაც აწიოკებდნენ, მთელი ქონება მიჰქონდათ, ოთხფეხი მიჰყავდათ და ხალხს  უწყალოდ წყლავდნენ ისრით“. 

ამბავი სამასი თეთნულდელი ძმისა, ანუ რატომ გაეცალნენ მონღოლები საქართველოს

უფრო მეტიც. თეგუდარის მებრძოლები მონასტრებში მწირველ ხუცესებს თავდაღმა ჰკიდებდნენ, ერთმანეთში არეულ მარილსა და მჭვარტლს აყრიდნენ ცხვირში და ეუბნებოდნენ, მოგვიტანეთ ღვინო ზღვის ოდენა და ხორცი მთის ოდენაო.

იმდენად მაშსტაბური იყო თეგუდარის ეს ამბოხი, რომ  ქართველი და სომეხი მთავრები იძულებული გახდნენ, აბაღა ყაენთან ეჩივლათ. და აბაღა ყაენის ბრძანებით, სირმონ ნოინი თეგუდარის წინააღმდეგ დაიძრა.

თეგუდარმა ნიგალის ხევში თავდაცვითი პოზიცია დაიკავა და ბარემ  ოპიზის მონასტრის გაძარცვა მოიწადინა. მის ასაოხრებლად ათასი მხედარი გაგზავნა, მაგრამ მონღოლებს ოპიზამდე გზის გაგნებაში ნისლმა შეუშალა ხელი. გზააბნეული ლაშქარი ხევში აღმოჩნდა. მოულოდნელად დაიწყო საშინელი წვიმა, რასაც სეტყვაც მოჰყვა და მოვარდნილმა წყალმა  მონღოლები გაიტაცა:

„მიეტევა წყალი და წარიხუნა თათარნი სრულიად, კაცი და ცხენი, არა დაშთა თვინიერ კიდე ერთისა კაცისა, და წარვიდა თხრობად თეგუდარისა“.

ამასობაში სირმონ ნოინიც გამოჩნდა და თეგუდარის რაზმს გვერდიდან მოურა. ამ უკანასკნელს არ გამოჰპარვია ეს მანევრი და აჭარა-შავშეთის საზღრისკეენ გადაინაცვლა, ფიჭვთას დადგა. აქედან  დავით ნარინს მსტოვარი გაუგზავნა და დასავლეთ საქართველოში გადასვლა ითხოვა... 

ყველისციხესთან გამართულ ბრძოლაში თეგუდარი სასტიკად დამარცხდა და მისმა მომხრეებმა დაქსაქსულად დაიწყეს უკან დახევა. ისინი ძნელად სავალი გზებით დასავლეთ საქართველოში გადასვლას შეეცადნენ.

დიდი განსაცდელის მიუხედავად, მონღოლმა უფლისწულმა თეგუდარმა და მისმა მომხრეებმა ქუთაისს მაინც მიაღწიეს. სირმონ ნოინმა ვერ გაბედა დასავლეთ საქართველოში გადასვლა, იცოდა, დავით ნარინი შეებრძოლებოდა, და უკან აბაღა ყაენთან დაბრუნდა.

კეთილი სარწმუნოების, მხნე და ერთგული: როგორ ახასიათებდნენ მონღოლები ქართველებს

დავით ნარინმა ხელგაშლილად უმასპინძლა მონღოლ უფლისწულს. მის ლაშქარს „სერი დიდი განუმზადა“, რომელზეც, თეგუდარის ლაშქრის გამოსაკვებად, 600 ცხენი, 1500 ძროხა, 2000 ცხვარი და სხვა საკლავი მირეკეს.

აბაღა ყაენის მოთხოვნის მიუხედავად, დავითმა მონღოლი უფლისწული არ გასცა. ის თეგუდარში ხედავდა ადამიანს, რომელიც აბაღა ყაენს დაამხობდა, მაგრამ მონღოლი უფლისწულს სხვა გეგმები აღმოაჩნდა.  ირანზე ლაშქრობას ვერ ბედავდა და ქართული მიწების აოხრებით აყენებდა ზიანს აბაღა ყაენს. ეს კი ნარინის ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა. ამიტომ მონღოლ უფლისწულს ოქროს ურდოში გადასვლა შესთავაზე. მაგრამ არ დათანხმდა შეთავაზებას თეგუდარი, ისევ გააგრძელა   ქართლის აოხრება.

ირანში კარგად ხვდებოდნენ, რომ სანამ თეგუდარს დავით ნარინი ედგა გვერდში, ვერ გაანეიტრალებდნენ. ამიტომ აბაღამ ძალ-ღონე არ დაიშურა დასავლეთ საქართველოს ხელმწიფის, დავით ნარინის გადასაბირებლად. მონღოლი უფლისწული უკვე დიდი თავისტკივილი იყო დავითისთვის და მიუხედავად იმისა, რომ დევნილი სტუმრის გაწირვა ქვეშევრდომთა თვალში მეფის თავმოყვარეობასა და ღირსებას დიდ დარტყმას მიაყენებდა, მაინც გადაწყვიტა ამ გარიგებაზე წასვლა.

ერთ დღეს თეგუდარმა ისევ ილაშქრა ქართლში, სადაც აბაღას სარდალ სორმონ ნოინის მრავალრიცხოვან ჯარს გადააწყდა. სასტიკად დამარცხდა მონღოლი უფლისწული, იძულებული გახდა, უკუქცეულიყო, მაგრამ წამოეწია სორმონ ნოინი, შეიპყრო ისიცა და მისი ძეც  და ორივე აბაღა ყაენს მიჰგვარა...