მომღერალმა ანასტასია ქართველიშვილმა უკრაინულ „გოლოსზე“ დარბაზი ფეხზე ააყენა

ძალიან ნაზად, ლამაზად და გრძნობით იმღერა - ქართველი შემსრულებლის ნამღერმა ნამდვილი ფურორი მოახდინა
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. მომღერალი ანასტასია ქართველიშვილი განაგრძობს რეიტინგული უკრაინული პროექტის Голос страны („ქვეყნის ხმა“) მეათე სეზონზე გამოსვლას. ამჯერად იგი კონკურსის მეოთხედფინალში გადავიდა.

ანასტასია ახალმა ამპლუამ მსმენელი გააოცა. ქართველიშვილმა შეასრულა ირინა ბილიკის ლირიკული სიმღერა Нас нет („ჩვენ არ ვარსებობთ“).

ანასტასიას დიდი გრძნობით შესრულებულმა სიმღერამ მსმენელი აღაფრთოვანა. მისი გამოსვლის შემდეგ მაყურებელი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს.

შესანიშნავი შესრულების წყალობით ანასტასიამ ჟიურის წევრების, მათ შორის, თავისი მწვრთნელის, პოტაპის მოწონება დაიმსახურა და მეოთხედფინალშიც გადავიდა.

ნუცა ბუზალაძის გამაოგნებელი გამოსვლა რუსულ შოუში – ყველა ტიროდა, ტიროდა კონკურსანტიც

მეოთხედფინალში მოხვდნენ ასევე პოტაპისა და ნასტია კამენსკების გუნდის სხვა წევრებიც - ერლან ბაიბაზაროვი, იულია კოროვკო და ეკატერინა სტეპურასა და მაქსიმ პერეპელიცას დუეტი.

ანასტასია ქართველიშვილი ბავშვებთან მუშაობს. არის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეატრალური სტუდია „ამპლუას“ ხელმძღვანელი, 2017 წლის როკ-კარაოკეს გამარჯვებული და ვოკალური კონკურსის - „დნეპრის ხმა - 2019“-ის ჟიურის წევრი.

ტელეშოუს საიუბილეო სეზონზე მსაჯების სავარძლებში სხედან უკრაინელი შემსრულებლები დან ბალანი, თინა კაროლი, მონატიკი, პოტაპი და მისი მეუღლე ანასტასია კამენსკები.