ინფიცირებულ მედმუშაკებს გუშინ გარდაცვლილ 81 წლის პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი

კლინიკის ორი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ პაციენტებთან ყველა წესის დაცვით მუშაობდნენ, მაგრამ დაინფიცირება მაინც მოხდა
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კორონავირუსით ინფიცირებული ორი მედმუშაკი კონტაქტში იყო გუშინ გარდაცვლილ 81 წლის ქალბატონთან, ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულები არიან ექთნის თანაშემწეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ინფიცირებულ პაციენტთან ყველა წესის დაცვით მუშაობდნენ.

მაისამდე გაუძელით: მედიცინის პროფესორი პანდემიის მალე კლებას პროგნოზირებს

„თავად ამბობენ, რომ იმ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ყველა წესის დაცვით მუშაობდნენ, მაგრამ ალბათ სადღაც მაინც დაირღვა ეს წესი დასნებოვნებულ პაციენტთან კონტაქტის დროს”,- აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

ტურძელაძის თქმით, ინფიცირებული ქალბატონი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანამდე მკურნალობას „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ გადიოდა.

საქართველოში 6 აპრილს კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, ქვეყანაში სულ 188 შემთხვევა ფიქსირდება. 188-დან 39 გამოჯანმრთელდა და 2 გარდაიცვალა. კარანტინში რჩება 5 056 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტი რჩება.