COVID-19 - ბოლო ცნობები

იმნაძე: შეიქმნა აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი

ქსელი ეხმარება ქართველ ეპიდემიოლოგებს მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებაში სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან და გამოცდილების გაზიარებაში კორონავირუსთან ბრძოლაში
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. შეიქმნა აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი, რომლის მეშვეობით ქართველი სპეციალისტები ეკონტაქტებიან კოლეგებს მეზობელი ქვეყნებიდან, ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

ცრუ სიმპტომები: ექიმები COVID-19-ის მოჩვენებით ნიშნებს განმარტავენ >>

იმნაძის თქმით, ქართველი სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან მუდმივ კავშირზე არიან.

„ძირითადად კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჩვენ გვაქვს ქსელი შექმნილი, რომელსაც ჰქვია აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი. ამ ქსელის მეშვეობით ჩვენ გვაქვს კავშირები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ, მოდით, ასე ვთქვათ, ხიბლში ნუ ჩავვარდებით, ჯერ ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და წიწილებს კიდევ შემოდგომაზე ითვლიან“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა შიდა გადაცემებს უკავშირდება

საქართველოში 6 აპრილს კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, ქვეყანაში სულ 188 შემთხვევა ფიქსირდება. 188-დან 39 გამოჯანმრთელდა და 2 გარდაიცვალა. კარანტინში რჩება 5 056 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტი რჩება.

ქართველი სპეციალისტები უახლოეს დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას ელოდებიან და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და სიფრთხილის ყველა წესის დაცვისკენ მოუწოდებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე 31 მარტიდან კარანტინის რეჟიმი გამოაცხადა. 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.