COVID-19 - ბოლო ცნობები

მოლოდინის ორი დღე, ანუ სანამ COVID-19-ზე ტესტის პასუხს მივიღებდი: ჟურნალისტი ინფექციურში

ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება ხოლმე ისეთი რამ, რაც სამუდამოდ ებეჭდება მეხსიერებაში, ბოლო ამოსუნთქვამდე მიჰყვება. გასული შაბათ-კვირა ჩემთვის სწორედ ასეთი იყო: კორონავირუსზე ეჭვით, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოვხვდი.
Sputnik

თავშივე მინდა დაგამშვიდოთ: ყველაფერი რიგზეა, განგაში ცრუ აღმოჩნდა, მაგრამ მაინც დამრჩა უსიამოვნო შეგრძნება იმისა, რომ შეიძლებოდა COVID-19-ით ინფიცირებულ მილიონზე მეტ ადამიანს შორის ერთ-ერთი მეც აღმოვჩენილიყავი. ვერ ვიტყვი, რომ სრული სასოწარკვეთა დამეუფლა, მაგრამ „ბრძოლის ველზე“ მიღებული ყოველდღიური ცნობები ოპტიმიზმს არ მატებს ადამიანს...  

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს თავი და მუცელი ამტკივდა, თვალები ამეწვა, და სიცხემ ამიწია. ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში 37.5-სა და 38-ს შორის მერყეობდა. არადა, შემიძლია დავიფიცო, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან საგულდაგულოდ ვიცავდი ყველა რეკომენდაციას. დავფიქრდი და ვივარაუდე, რომ ვირუსი შეიძლებოდა მაშინ „ამეკიდა“,  როცა თბილისის მერიასა და „წითელ ჯვარს“ მოხუცებისთვის პროდუქტებით მომარაგებაში ვეხმარებოდი — როგორც მოხალისე.

 

მოლოდინის ორი დღე, ანუ სანამ COVID-19-ზე ტესტის პასუხს მივიღებდი: ჟურნალისტი ინფექციურში

მოკლედ, რისკზე წასვლა არ ღირდა, მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოვიძახე. თან ყველა სიმპტომი ვაცნობე. მალე ეკიპაჟმა მომაკითხა და...

მანამდე ასეთი რამ მხოლოდ ეპიდემიაზე, გლობალურ კატასტროფებსა და ვირუსებზე გადაღებულ ფილმებში მენახა. ექიმები თავით ფეხამდე სპეცსამოში იყვნენ გამოწყობილი. ადგილზე გასინჯვაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, ახლავე საავადმყოფოში მივდივართო, მითხრეს. მაშინღა გავაცნობიერე, რომ რაც ხდებოდა, რეალობა იყო და არა ჰოლივუდური სცენარი.

კლინიკაში მისვლისთანავე გადამიღეს ფილტვების რენტგენი და კარდიოგრამა, ამიღეს სისხლის ანალიზი, მერე კი პალატაში მომათავსეს, სადაც უკვე იწვა 50 წლამდე მამაკაცი.

სპეციალისტი არ ვარ და მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ მგონია, რომ, როცა ადამიანს სერიოზული ვირუსზე, მით უმეტეს, COVID-19-ზე აქვს ეჭვი, ის ცალკე უნდა მოათავსონ. მაგრამ საავადმყოფოებში ადგილები ჭირს, ზოგ პალატაში ორი კი არა, სამი, ოთხი პაციენტი წევს. ასე რომ, მე კიდეც გამიმართლა. ვერაფერს ვიზამთ, ასეთია მოცემულობა, რომელიც უნდა მივიღოთ.

COVID-19, ანუ რეპორტაჟი საავადმყოფოდან: იტალიელი ექიმის პოსტმა მსოფლიო შეძრა

ასევე მოცემულობად უნდა მივიღოთ ნიღბების დეფიციტიც, რომელიც მარტო საქართველოს პრობლემა არაა — მათ ნაკლებობას ბევრად ძლიერი და განვითარებული ქვეყნებიც განიცდიან.

ცალკე ქებას იმსახურებენ ჩვენი ექიმები, რომლებიც ყოველდღიურად არაქათის გამოცლამდე მუშაობენ — დღეში 18-20 საათი ფეხზე დგანან. მათაც ჰყავთ ოჯახები, შვილები და მშობლები, მაგრამ ჩემნაირი პაციენტების გამო, პრაქტიკულად ყველა და ყველაფერი მიტოვებული ჰყავთ და ყოველწამიერად რისკზე მიდიან. მერე რა, რომ დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ დგანან, მერე რა, რომ მთელ ძალას ხშირად ჯიუტ პაციენტებს ალევენ იმაში დასარწმუნებლად, რომ პალატებში დარჩნენ და დერეფნებში არ იხეტიალონ — ისინი მაინც  ბოლომდე ასრულებენ მოვალეობას. 

ჯიუტი პაციენტები! ექიმებს ხშირად უწევთ მათთვის იმის განმარტება, რომ ყვირილითა და ისტერიკებით საქმეს ვერ უშველიან, რომ ცოტაოდენ მოთმინების გამოჩენაა საჭირო — ისევ მათთვის, ისევ თავად პაციენტებისთვის...

ახლა უკვე მესმის, რატომ უკრავენ ტაშს ექიმებს მსოფლიოს ქვეყნებში სამუშაო დღის ბოლოს; ახლა ვხვდები, რაოდენ მადლიერებას იმსახურებენ ისინი, და რაოდენ მცირეა ეს აპლოდისმენტები ამ მადლიერების გამოსახატად.

თითქოს ეს არ ეყოფოდათ, სამედიცინო პერსონალს სხვა რამეც ურთულებს საქმეს: საავადმყოფოების პრაქტიკულად მთელი ტექნიკური პერსონალი დათხოვილია. საქმე ისაა, რომ ეს პერსონალი, როგორც წესი, ძირითადად 50 წელს გადაცილებული ხალხია. ამიტომ, მათი ჯანმრთელობისთვის ზედმეტი რისკი რომ არ შეექმნათ, სახლებში გაუშვეს. ზოგმა  კლინიკამ ისინი დაქირავებული ახალგაზრდებით ჩაანაცვლა, მაგრამ პერსონალი მაინც არ არის საკმარისი. ამიტომ ბევრი ექიმი იძულებულია, ზოგჯერ ისეთი საქმე შეასრულოს, რომელიც მას არც ევალება და არც სტატუსით მოეთხოვება. აი ამისთვის ცალკე უღრმესი მადლობა მათ! 

იტალიელი ექიმები COVID-19-ის აპოკალიფსზე: ძალა აღარ გვაქვს, ეს სიზიფეს წყევლაა

მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში სამჯერადი კვება იყო, დედაჩემის ნახელავი მომინდა და მანაც სასწრაფოდ დამიცხო ღვეზელები. კი მომიტანა, მაგრამ დაცვამ არ გამოართვა, უთხრეს, საავადმყოფოში ისედაც მშვენივრად კვებავენო...

ბოლოს კორონავირუსზე ჩემი ტესტის პასუხიც მივიღე, რომელიც, ღვთის წყალობით, უარყოფითი აღმოჩნდა. ბარგის ჩასალაგებლად 15-20 წუთი მომცეს. არ გაგიკვირდეთ, ახლა საავადმყოფოებში ყოველი თავისუფალ ადგილს ოქროს ფასი აქვს.

ჰო, მართლა: ვიდრე საავადმყოფოში ვიყავი, არც ერთ იქ მყოფ პაციენტს კორონავირუსი არ დადასტურებია.

მოკლედ, გამომწერეს და მითხრეს, რომ უახლოესი ორი კვირა მაინც თვითიზოლაციაში უნდა ვიყო. ახლა აბასთუმანში ვაპირებს წასვლას და ეს უკვე ვაცნობე შინაგან საქმეთა სამინისტროს. დიახ, პოლიცია ჩემს იძულებით იზოლაციას შეამოწმებს და გააკონტროლებს.

დაბოლოს: საავადმყოფოს რომ ვტოვებდი, იქ ერთი კაცი კვდებოდა. ოღონდ არა კორონავირუსისგან.  უბრალოდ, „აქ“ ყოფნის დრო ამოეწურა. უნებლიე მოწმე გავხდი, როგორ ტიროდა ამ პაციენტის მომვლელი მედდა, ტიროდა ემოციებითა და უსუსურობის შეგრძნებით ყელამდე სავსე და დათრგუნული, რადგან კაცს გამოჯანმრთელების შანსი არ ჰქონდა. მერე მტირალთან ერთი ექიმი მივიდა და შემოუძახა, ექიმები ვართ, ასეთი ემოციების უფლება არ გვაქვს,  ძლიერები უნდა ვიყოთ, პაციენტებს მაგალითი უნდა ვაჩვენოთო...

ჰოდა, მოდით, ჩვენც ვიყოთ ძლიერები. მოდით, შევასრულოთ ის ელემენტარული, რასაც ჩვენგან მოითხოვენ. მოდით, შევწყვიტოთ მხოლოდ საკუთარ თავსა და საკუთარ სურვილებზე ფიქრი და იმაზე დავფიქრდეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ისეთი, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნება ესოდენ რთულ და მძიმე პერიოდში.