COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხ ბექაიამ ჟურნალისტებთან. 

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა შიდა გადაცემებს უკავშირდება

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

ბექაიას განცხადებით, ინფიცირებული თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

„ეს დადასტურებული ორი შემთხვევა გუშინდელი შემთხვევების რაოდენობაში შევიდა. ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, გუშინ კლინიკაში მიღება შეჩერებულ იქნა, ვიდრე არ განისაზღვრა ყველა მომსახურე მედპერსონალის ტემპერატურა, რის შემდეგაც ღამით კვლავ გაიხსნა მიღება. ის მედპერსონალი, ვისთანაც ინფიცირებულებს ჰქონდათ შეხება, კარანტინში არიან გადაყვანილი“, – განაცხადა ბექაიამ.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.