COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ფაქტი გამოვლინდა

საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით – ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარით და იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარით.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოვლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. 

ანდრია ჯაღმაიძე: კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში

შსს-ს ცნობით, 5 აპრილის 21:00 საათიდან 6 აპრილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 136 მოქალაქე დაჯარიმდა.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებისა და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 82 მოქალაქე დააჯარიმა.

ამასთან, გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის ცხრა ახალი ფაქტი. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 59 პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით – ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარით და იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარით, ხელახალი დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულია და დამრღვევს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.