როგორ გამოიყურება თბილისი კარანტინის დროს – ცარიელი ქუჩების ფოტოები დრონიდან

Sputnik

პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. 31 მარტიდან ამოქმედდა ასევე საკომენდანტო საათი საღამოს 21:00-დან დილის 06:00 სთ-მდე.

დროებით არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც. ასევე აკრძალულია საქალაქთაშორისო ავტობუსების მიმოსვლა. ქალაქების შესასვლელებში განთავსებულია ბლოკ-პოსტები, რათა გაკონტროლდეს მოქალაქეთა გადაადგილება.

ამ მომენტისათვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ორი ხანდაზმული ასაკის ქალი, რომელთაც სხვა თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.

 

1 / 14
ასეთი ცარიელი თავისუფლების მოედანი უჩვეულო სანახავია. დღის შუა მონაკვეთში მანქანები თითქმის არ დადის
2 / 14
მოსახლეობას ურჩევენ სახლებში დარჩენას და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გარეთ გასვლას. ასე გამოიყურება თამარ მეფის ხიდი კარანტინის პერიოდში
3 / 14
თბილისში ასევე მკვეთრად შემცირდა საქმიანი აქტივობები. მუშაობა შეაჩერა სავაჭრო ობიექტებმა, კომპანიების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა
4 / 14
თებერვლიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი შემცირდა, მარტში კი - აკრძალვების გამო - საერთოდ შეწყდა
5 / 14
დღეისათვის საქართველოს ტურისტული ინდუსტრია უმოქმედოა. ფოტოზე მეტეხის ხიდი. ჩვეულებრივ დღეებში აქ ტურისტებისა და ქალაქის სტუმრების რაოდენობა ძალიან დიდია
6 / 14
ეს კი ღვინის აღმართია ავლაბარში. ახლა საქართველოში აკრძალულია ალკოჰოლით მოვაჭრე მაღაზიების მუშაობა. მედიის ნაწილმა იჩქარა და დაწერა, რომ საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ყიდვა აიკრძალა, თუმცა სასურსათო მაღაზიებში ალკოჰოლური პროდუქტის შეძენა სავსებით შესაძლებელია, როგორც აქამდე. ალკოჰოლის შეძენა ასევე ონლაინ რეჟიმშიც შეიძლება
7 / 14
მშვიდობის ხიდი, რომელიც თანამედროვე თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, აქამდე ასეთი ცარიელი არასდროს ყოფილა. აქ ყოველთვის სეირნობენ, იღებენ სურათებს და ხედით ტკბებიან
8 / 14
საპარკინგე ადგილების სიმრავლეც საკმაოდ უჩვეულოა თბილისისთვის
9 / 14
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში ჯერ-ჯერობით 21 აპრილამდეა გამოცხადებული, თუმცა შესაძლოა გახანგრძლივდეს, თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება
10 / 14
საკომენდანტო საათის დარღვევის გამო შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოშ უკვე 189 მოქალაქე დააჯარიმეს. ხოლო დისტანციის დაუცველობისა და შეზღუდვების დარღვევის გამო - 19 ადამიანი
11 / 14
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტო თითქმის არ ჩანს, პირადი ავტომობილებით მაინც გადაადგილდებიან ადამიანები, თუმცა მათაც ეხებათ გარკვეული შეზღუდვები - ავტომობილში, მძღოლის ჩათვლით დაიშვება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის ორი - უკანა სავარძელზე
12 / 14
ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის გამო უკვე დაჯარიმებულია 280 ადამიანი
13 / 14
შეზღუდვებისა და წესების დამრღვევთა რაოდენობამ დროთა განმავლობაში იკლო
14 / 14
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის საპასუხოდ მოქმედებს ადმინისტრაციული ჯარიმები: ფიზიკური პირებისათვის - სამი ათასი ლარი, იურიდიული პირებისათვის - 15 ათასი ლარი. დარღვევის გამეორების შემთხვევაში აღიძრება სისხლის სამართლის საქმე, რაც ითვალისწინებს სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას