ლევან რატიანი: „ნუ ეხუტებით ერთმანეთს...“

5  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 170-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ნუ ეხუტებით, დავცილდეთ ერთმანეთს, რაც შეიძლება სოციალურად დისტანცირებული ვიყოთ, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა და ყველას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდა.

5  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 170-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36, გარდაცვლილია ორი პაციენტი.   კარანტინში იმყოფება 5076 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 330 პაციენტია.

„მინდა, მთელ ქვეყანას და თქვენც გითხრათ, რომ ერთმანეთისგან რაც შეიძლება სოციალურად დისტანცირებული ვიყოთ, რადგან ამ ვირუსის სტრატეგია, სამწუხაროდ, არავინ ვიცით, არც ერთი სამყაროს ექიმმა და მათ შორის არც მე“ , – განაცხადა რატიანმა.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი კრიტიკული პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა დასტაბილურდა

რატიანმა საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტების  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

„გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა კლინიკიდან, მათი მდგომარეობა, განსაკუთრებით ერთის კრიტიკულია, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. აქაც არის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, გულის მწვავე უკმარისობით“ , – განაცხადა რატიანმა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, ორსულების მდგომარეობა სტაბილურია.

„რაც ყველაზე სასიხარულოა, სტაბილურია 13 წლის ბავშვის მდგომარეობა“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება 62 წლისა და 80 წლის პაციენტებს, 62 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, გაუმჯობესდა 80 წლის პაციენტის მდგომარეობაც და სავარაუდოდ, რამდენიმე საათში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან.

კორონავირუსი აშშ-ში, ესპანეთში, იტალიასა და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 5 აპრილისთვის

ამასთან, რატიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული,  რომ რამდენიმე პაციენტს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსება დასჭირდეს.

მისივე თქმით, უკიდურესად მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტის მდგომარეობა.

„კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში სამწუხაროდ გაიზარდა რიცხვი და არის შვიდი პაციენტი. კარგად იცით, რომ ჩვენი კლინიკა ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულ პაციენტებს. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი არის 67 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრესი გემოდინამიკის რღვევით“ , – აღნიშნა რატიანმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.