საქართველოში 2019 წელს მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 1500-ზე მეტი ადამიანი შეადგინა

2019 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო განქორწინებების რიცხვი - 8,9%-ით
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოში 2019 წელს მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 1 637 ადამიანი შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მონაცემებში.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს დაიბადა დაახლოებით 48,3 ათასი ბავშვი და გარდაიცვალა დაახლოებით 46,7 ათასი ადამიანი.

ამასთან, 2019 წელს მოსახლეობის ბუნებრივი მატება 64,5%-ით დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე 2018 წელს.

რამდენი ბავშვი დაიბადა საქართველოში 2019 წელს

ამასთან, მოსახლეობის მატების უარყოფითი რიცხვები დაფიქსირდა საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის და სამცხე-ჯავახეთისა. მოსახლეობის მატების საუკეთესო მაჩვენებელი თბილისშია - 3 473, ყველაზე ცუდი კი იმერეთში - 1 968.

გასულ წელს საქართველოში რეგისტრირებულია 23,3 ათასი ქორწინება, რაც 2018 წელთან შედარებით 0,4%-ით მეტია.  პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 28,1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 30,7 წელს.

განქორწინებების რაოდენობა 2019 წელს 8,9%-ით - 11,2 ათასამდე გაიზარდა.