გიორგი გახარია: „ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, უნდა გავუძლოთ დარტყმებს“

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცვან მედიკოსთა რეკომენდაციები და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესები
Sputnik

თბილისი 4 აპრილი - Sputnik. საქართველოს ელოდება სერიოზული ბრძოლა კორონავირუსთან და ქვეყანა მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ეს კატასტროფა არაა“ – ეზუგბაია საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ >>

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 159 შემთხვევა დაფიქსირდა, 31 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შაბათს მედიკოსებმა COVID-19-ით პირველი გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.

„უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. სახელმწიფო, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი - ყველანი მზად უნდა ვიყოთ, რომ გავუძლოთ მსგავს დარტყმებს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს“, - განაცხადა გახარიამ.
„ქვეყანაში საკმარისი მარაგი გვაქვს“ - გახარიამ მოსახლეობა დაამშვიდა

მან აღნიშნა, რომ ინფექციასთან ბრძოლის გარდა, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს გადააწყდა.

„სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ ორ ფრონტზე გამარჯვებისთვის იპოვოს სწორი ბალანსი, რასაც ჩვენ ყველასთან ერთად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ“, - განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კარანტინი ამოქმედდა. 31 მარტიდან 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

მთლიანად გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტროს ჩათვლით. ყველა ქალაქის შესასვლელ-გასასვლელში მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლისთვის ბლოკ-პოსტები მოეწყო.

სპეციალისტების პროგნოზებით, უახლოეს დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი.