საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა

დღეს ცნობილი გახდა კორონავირუსით პირველი გარდაცვალების შესახებ. ეს არის 79 წლის ქალი, რომელსაც რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 159-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 330 პაციენტია.

დღეს ცნობილი გახდა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ. ეს იყო 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა. მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.
31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.