„ეს კატასტროფა არაა“ – ეზუგბაია საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ

ქართველი სპეციალისტები მუშაობენ იმაზე, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის რიცხვი დღეში 20-ს არ აღემატებოდეს.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი – Sputnk. თუ საქართველოში შენარჩუნდება ინფიცირებულთა ზრდის ტენდენცია – დღეში 18–20 პაციენტი – ეს აბსოლუტურად ნორმალური მაჩვენებელი იქნება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა>>

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 148-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 27. გუშინ, დილით ინფიცირებულთა რაოდენობა 115 იყო.

„115-დან 148-ზე ასვლა არ არის დიდი ციფრი, თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ზომიერი კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა დიდი დანაკლისების გარეშე. თუ ასე შევინარჩუნებთ, დღეში 18-20 პაციენტი რომ იყოს, ეს არ არის ტრაგედია, როდესაც საუბარია მეოთხეულ გადაცემაზე, ეს მაჩვენებლები, ეს ციფრები აბსოლუტურად ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციონისტების პროგნოზით, კორონავირუსით დაავადებების შემთხვევების ზრდა უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.