პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა

საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით – ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარით და იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარით.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 491 ახალი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. 

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

უწყების ცნობით, 2 აპრილის 21:00 საათიდან 3 აპრილის 06:00 საათამდე პერიოდში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 189 მოქალაქე დაჯარიმდა.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებისა და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 19 მოქალაქე დააჯარიმა.

ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ასევე გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის ორი ფაქტი. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 280 პირი დაჯარიმდა.

საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით – ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარით და იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარით. ხელახალი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამრღვევს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.