პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა

ბრალდებულებისთვის სატელეფონო საუბრის დაშვების გადაწყვეტილება განპირობებულია ოჯახების მხრიდან გაზრდილი ინტერესით მათი მდგომარეობის თაობაზე.
Sputnik

თბილისი,  3 აპრილი  – Sputnik.  საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

იზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მზად არიან

 აღნიშნული გადაწყვეტილება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ ბრალდებულებს შეეხება, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული.

„აღნიშნული გადაწყვეტილება  ხელს შეუწყობს  დისტანციურად ოჯახების მეტად ინფორმირებას. აღნიშნული შეღავათის დაწესება ასევე შეამცირებს მათი ადვოკატების დამატებით ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურამ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ბრალდებულებისთვის სატელეფონო საუბრის დაშვების გადაწყვეტილება განპირობებულია ოჯახების მხრიდან გაზრდილი ინტერესით მათი მდგომარეობის თაობაზე.

3 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 148-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 27. კარანტინში იმყოფება 5392, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 319.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.