ლევან დავითაშვილი: დაცარიელებული დახლები საქართველოში არ ყოფილა და არც იქნება

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვანი მარაგების კუთხით მონიტორინგს ატარებს და დეფიციტი ქვეყანას არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. დაცარიელებული დახლები საქართველოში არ ყოფილა და არც იქნება, მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ყველა რგოლთან გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. 

პრემიერის თვალით დანახული ანტიკრიზისული გეგმა

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

მინისტრის განცხადებით, იყო მოლოდინი, რომ ვირუსთან ბრძოლის პირობებში შესაძლებელი იყო, სხვა ქვეყნებს მიეღოთ გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რაც შეზღუდავდა სხვადასხვა მიმართულებით სავაჭრო ნაკადებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ განსაზღვრა. მონიტორინგი მნიშვნელოვანი მარაგების კუთხით მუდმივად ტარდება და დეფიციტი ქვეყანას არ ემუქრება.

„ხორბლისა და ფქვილის მარაგები, იმისთვის, რომ ჩვენთან იყოს პური და პური იყოს სტაბილურ ფასად, კონტროლდება სამინისტროს მხრიდან, დანარჩენი სასურსათო პროუქტებიც ქვეყანაში არსებობს იმ დონეზე, რომ არ გვქონდეს წყვეტა და დახლი არ დავინახოთ ცარიელი", – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, დანარჩენ სასურსათო პროდუქტებზეც არსებობს რამდენიმე თვის მარაგი და ხდება მისი მუდმივი შევსება-განახლებაც.

საქართველოს მთავრობამ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამა დაამტკიცა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოიყო სურსათის ცალკეულ სახეობებზე ფასების დაზღვევისთვის. პროგრამა გულისხმობს ფასების სხვაობის დაზღვევას გაცვლითი კურსის მიხედვით ცხრა სახეობის პროდუქტებზე: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, მშრალი რძე და ლობიო.

3 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 134-ს მიაღწია. საკარანტინო რეჟიმში 5 550 პირი რჩება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.