გადადის თუ არა კორონავირუსი ფულით

საქართველოში კორონავირუსით ეროვნული ბანკის საცავის მუშაკები დაავადდნენ. საზოგადოებაში გაჩნდა ვარაუდი, რომ ვირუსი მათ კუპიურებით გადაედო
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ჰიპოთეზა, რომ კორონავირუსი ფულის კუპიურებით გადადის, ჯერ კიდევ ჩინეთში ეპიდემიის დროს ჩაისახა, თუმცა, ჩინელმა ექიმებმა მაინც ვერ შეძლეს ამის მეცნიერულად დადასტურება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 2 აპრილისთვის>>

სპეციალისტის თქმით, ფული ისევე, როგორც ნებისმიერი საგანი, რომელიც ხელიდან ხელში გადაეცემა, შეიძლება ინფექციის გადაცემის წყარო გახდეს.

„ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ჰიპოთეზაც მუშავდება ჩვენ მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ფული, ისევე როგორც ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება გადადიოდეს ხელიდან ხელში, შეიძლება იყოს ინფექციის წყარო, თუმცა, მე ისიც ვიცი, რომ ფული როდესაც შედის ბანკში, მას უტარდება სპეციალური დამუშავება, ის მუშავდება სადეზინფექციო აპარატებით“, – განუცხადა იმნაძემ ჟურნალისტებს.

ფულის კუპიურებით დაინფიცირების საკითხი აქტიურად განიხილება მას შემდეგ, რაც კორონავირუსი საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებს აღმოაჩნდათ.

უკრაინაში ერთ-ერთ ეკლესიაში კორონავირუსით 19 ადამიანი დაინფიცირდა

იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული თანამშრომლების ყველა კონტაქტი დადგენილია და ისინი კარანტინში გადაიყვანეს. ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლები, ფაქტობრივად, ყაზარმულ რეჟიმში ცხოვრობდნენ – მუშაობდნენ ერთ სტრუქტურულ განყოფილებაში და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბანკის სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 130 ადამიანი, აქედან 26 უკვე გამოჯანმრთელდა.