ტიკარაძე: უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 26, კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, საიდანაც ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

ახალი სპეცრეისები: მთავრობა უცხოეთიდან საკუთარი მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესს აგრძელებს

ტიკარაძის განმარტებით, სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას იღებს.

„ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნკაციაზე როგორც ჩვენთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. ისინი გვაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 35 ქართველ მოქალაქეს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში Covid-19-ის ინფექცია, საიდანაც, სამწუხაროდ, ხუთი მოქალაქე გარდაიცვალა. ეს რიცხვიც მუდმივად მზარდია და ჩვენი ელჩები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დეტალურ მოწოდებას სამინისტროსთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 26, კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.