საქართველოში ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოვლინდა

საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით – ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარით და იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარით.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გომელაური: დარღვევების შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

უწყების ცნობით, 1 აპრილის 21:00 საათიდან 2 აპრილის 06:00 საათამდე პერიოდში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 204 მოქალაქე დაჯარიმდა.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებისა და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა.

ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ასევე გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის ათი ფაქტი. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 415 პირი დაჯარიმდა.

საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით – ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარით და იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარით. ხელახალი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამრღვევს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.