COVID-19 - ბოლო ცნობები

ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი სასულიერო პირი დაინფიცირდა

მანამდე, 25 მარტს მეუფე საბამ (ინწკირველი) დაადასტურა ინფორმაცია, რომ მის ეპარქიაში დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი დაინფიცირდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

ეპისკოპოსის განცხადებით, კორონავირუსი ნიუ-იორკში მოღვაწე დეკანოზ სპირიდონ ნარსიას დაუდასტურდა.

მანამდე, 25 მარტს მეუფე საბამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მის ეპარქიაში დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. მეუფეს ინფორმაციით, აღნიშნულ სასულიერო პირს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა. 

გიორგი გახარია: მოდით, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში

„მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენს ეპარქიაში, ნიუ-იორკში, მამა სპირიდონ ნარსია, რომელსაც იცნობთ. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე მამა სპირიდონი“, – განაცხადა მეუფე საბამ.

მიუხედავად ვირუსის გავრცელებისა, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში ღვთისმსახურება მაინც აღევლინება. გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. 

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. მომავალი ორი კვირა მორწმუნეთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია – 7 აპრილს ხარებაა, 12 აპრილს – ბზობა, 17 აპრილს – წითელი პარასკევი.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას საპატრიარქოსთან შეთანხმებით მიიღებს. ამასთან, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელება უკვე უკონტროლოა და ორი ინციფირებულის შემთხვევაში წყარო უცნობია.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 26, კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.