ახალი სპეცრეისები: მთავრობა უცხოეთიდან საკუთარი მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესს აგრძელებს

ამ დროისათვის თბილისმა დამატებით ხუთი ავიარეისი დანიშნა, რომლითაც ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ქართული მხარე სპეციალური ავიარეისებით უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებას აგრძელებს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ავიარეისები ვარშავა–თბილისი და ბერლინი–თბილისი 3 აპრილს განხორციელდება. 4 აპრილს კი კომპანია Georgian Airways საქართველოს მოქალაქეებს ლონდონიდან ჩამოიყვანს. 7 აპრილს შედგება რეისი ათენი–თბილისი, 10 აპრილს კი ლარნაკა–თბილისი.

გუშინ სპეცრეისით ბულგარეთიდან სამშობლოში დაახლოებით 100 მოქალაქე ჩამოვიდა. ყველა მათგანი 14-დღიან სავალდებულო საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი. 

ბერლინიდან და ამსტერდამიდან აპრილის პირველ ნახევარში დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქვეყნის რვა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ვიდეოკონფერენცია გამართა, რომელზეც იმსჯელეს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების შემდგომი დახმარების მექანიზმებსა და ახალ სპეცრეისების დანიშვნის საკითხებზე.

დღეისათვის ქვეყანაში ორგანიზებულად დაახლოებით ათასი საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, ადგილებზე კი დახმარება რამდენიმე ათას თანამემამულეს გაეწია.

საქართველოს მთავრობამ მარტის შუა რიცხვებში საზღვრები ჩაკეტა, 21 მარტიდან 21 აპრილამდე კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო მომენტამდე კარანტინის ზონად მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები იყო გამოცხადებული, სადაც კორონავირუსის აფეთქების ალბათობა იყო. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა.