საქართველოს მთავრობა უცხოეთიდან ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესს აგრძელებს

მოქალაქეები, რომლებიც დღეს ჩამოვიდნენ საქართველოში, 14-დღიან სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს გაივლიან. ჩამოყვანილი მოქალაქეების უმეტესობა არის სახმელეთო გადამზიდ სერვისებში დასაქმებული მოქალაქეები.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ბულგარეთიდან სამშობლოში დღეს საქართველოს 92 მოქალაქე ჩამოიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ ბულგარეთში ამ ეტაპზე მცირე რაოდენობით საქართველოს მოქალაქეები არიან დარჩენილი, რომელთაც დარჩენის გადაწყვეტილება თავად მიიღეს.

„მთავრობა აგრძელებს საზღვარგარეთიდან ჩვენი მოქალაქეებს ორგანიზებულად ჩამოყვანის პროცესს. დღეს ჩარტერული რეისი განახორციელა „მაივეი ეარლაინსმა“, რომელმაც ბულგარეთიდან ჩამოიყვანა საქართველოს 92 მოქალაქე. ეს გახლავთ ბულგარეთიდან ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანის მეორე ტალღა. პირველ ჯერზე საქართველოს 90-მდე მოქალაქე ჩამოვიდა სახმელეთო გზით. დღეს განხორციელებული ჩარტერული რეისის ღირებულება 100 ევრო გახლდათ“, - აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ქართველი მძღოლი კორონავირუსის დიაგნოზით სომხეთის კლინიკაში გადაიყვანეს

მოქალაქეები, რომლებიც დღეს ჩამოვიდნენ საქართველოში, 14-დღიან სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს გაივლიან. ჩამოყვანილი მოქალაქეების უმეტესობა არის სახმელეთო გადამზიდ სერვისებში დასაქმებული მოქალაქეები, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეექმნათ პრობლემები. ისინი საქართველოს საელჩოს დახმარებით უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით, მედიკამენტებითა და საცხოვრებლით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვარშავის რეისზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებას სთხოვენ >>

„ამ ეტაპზე ვარშავის რეისზე ყველა ბილეთი გაყიდულია, ბორტი 106 ადგილისგან შედგება. ახალი რეგულაციების თანახმად, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, მგზავრთა განლაგება ხდება ჭადრაკულად, ადგილგამოტოვებით, შესაბამისად პრაქტიკულად ბორტზე მგზავრთა რაოდენობა ნახევრდება“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი.