რას წერენ ქართული გაზეთები: როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ

როგორ შეცვლის მსოფლიოს კორონავირუსი, რეალურად რა უშლის ხელს ვირუსის გავრცელებას, არის თუ არა საკმარისი ორმეტრიანი სოციალური დისტანცია - ქართულ პრესაში განსახილველი მთავარი თემებია
Sputnik

ეპიდემიის დასრულების შემდეგ პოლიტიკური თვალსაზრისით მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც ვირუსამდე იყო, წერს გაზეთი „რეზონანსი“.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ვირუსმა არა მხოლოდ დღევანდელობა შეცვალა, არამედ მომავალიც განსაზღვრა.

იმნაძე: ინფექციონისტები კორონავირუსის პლაზმოთერაპიით მკურნალობის თაობაზე ფიქრობენ

„ერთი მხრივ, არსებობს ვარიანტი, რომელიც ინგლისის ყოფილმა პრემიერმა წარმოადგინა - ვირუსის დასამარცხებლად დროებითი მსოფლიო მთავრობის შექმნა. თუ ასეთი რამ მოხდება, ის ყოველთვის შეეცდება თვითშენარჩუნებას და იპოვის პრობლემებს, რომელთა გადასალახად მსოფლიო მთავრობა აუცილებელი იქნება“, - განუცხადა საყვარელიძემ „რეზონანსს“.

ანალიტიკოსის სიტყვებით, ერთი გზა - მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესების გაძლიერება და ინტეგრაციაა.

„რაც შეეხება მეორე გზას - ყველა სახელმწიფო ცდილობს თავისი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას. ეს ტენდენცია იმდენად გამოკვეთილია, რომ ბევრი ევროპელი ჩივის, რომ ევროპის ერთიანობა ირღვევა. მაკრონმა განაცხადა, რომ შენგენის ზონამ, პრინციპში, არსებობა დაასრულა“.

ამ ორი ვარიანტიდან მკაფიოდ ჩანს მეორე გზის ნიშნები, აღნიშნა ანალიტიკოსმა. მისი აზრით, მოსალოდნელია ნაციონალური სახელმწიფოების გაძლიერება.

„აქცენტი გაკეთდება ნაციონალურ სახელმწიფოზე და არა გლობალიზაციაზე და ეს პოსტკორონალური ეპოქა იქნება“.

რეალურად რა უშლის ხელს ეპიდემიის გავრცელებას საქართველოში

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების პარალელურად სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უშლის ხელს და რა ახდენს ვირუსის პროვოცირებას ადამიანის ორგანიზმში. სპეციალისტების ერთი ნაწილის აზრით, წითელასა და წითურას აცრას კორონავირუსისგან დამცავი ეფექტიც აქვს. იმავეს ამბობენ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრაზე - ბცჟ-ზე.

შესაბამისად, გამოითქვა ვარაუდი, რომ საქართველოში ინფიცირებულთა შედარებით მცირე რაოდენობა უკავშირდება იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია.

„რუსეთში, სომხეთსა და სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მოსახლეობა რეგულარულად იკეთებს აცრებს, თუმცა ფაქტია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამიტომ ეს არგუმენტი არ მუშაობს. საქართველოში გაფართოებული ტესტირება რომ ტარდებოდეს და დღეში ასობით ადამიანს ამოწმებდნენ, ვირუსის უფრო მეტი შემთხვევა გამოვლინდებოდა“, - ფიქრობს დოქტორი სერგო ჩიხლაძე.

ტაძრის კარი ღია დარჩება: ილია მეორემ მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა

ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებას უტარებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სიმპტომები და ვინც სტაციონარს მიმართა.

 „შესაძლოა, ჩვენთან ბევრი ინფიცირებულია სიმპტომების გარეშე. ამიტომ არგუმენტი, რომ ჩვენთან ცოტაა - არ არის პროფესიონალური მიდგომა. ჩვენ გვაქვს ისეთი ალგორითმი, რომელიც ბევრის გამოვლენის შესაძლებლობას არ იძლევა“, - განუცხადა ჩიხლაძემ „რეზონანსს“.

იცავს თუ არა დაავადებისგან ორმეტრიანი სოციალური დისტანცია?

ორმეტრიანი სოციალური დისტანცია, რომელიც კორონავირუსისგან დასაცავადაა დადგენილი, უნდა გადაიხედოს - ასეთი დასკვნა გამოიტანეს ამერიკელმა მეცნიერებმა, რომლებმაც გამოთვალეს ინფიცირებულების მიერ ვირუსის გავრცელების ზუსტი რადიუსი, წერს „რეზონანსი“.

შესაბამისი კვლევები ჩაატარეს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, შედეგები კი გამოაქვეყნეს ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა მანძილზე ვრცელდება შხეფები ხველებისა და ცემინებისას.

შედეგად გამოირკვა, რომ შხეფები, საშუალოდ, შვიდი-რვა მეტრის რადიუსზე ვრცელდება. ამდენად, ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვისას ჯანმრთელი ადამიანი მაინც შეიძლება დაავადდეს. ამასთანავე, ჰაერის ტენიანობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, შხეფები, შესაძლოა, დარჩეს ჰაერში რამდენიმე წამიდან ერთ წუთამდე.

კვლევის ხელმძღვანელი ლიდია ბურუიბა ამბობს, რომ მისმა კვლევამ შეიძლება ხელი შეუწყოს პანდემიასთან ბრძოლას.

იქნება თუ არა კორონავირუსთან ბრძოლაში გარდამტეხი მომენტი ზაფხული?

შეაჩერებს თუ არა მაღალი ტემპერატურა ეპიდემიის გავრცელების ტემპებს, ჯერ უცნობია. ჰონგ-კონგში ჩატარებული კვლევების თანახმად, COVID-19-ისთვის კრიტიკული ტემპერატურა 56 გრადუსია. ასეთ ტემპერატურაზე კორონავირუსი ნახევარ საათში კვდება.

აქედან გამომდინარე, ქართველი ინფექციონისტები ამბობენ, რომ ამ თვალსაზრისით, მოლოდინი, რომ ზაფხულში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, უმნიშვნელოა.

„ტემპერატურა, რომელიც ზაფხულშია ხოლმე, მის გასანადგურებლად საკმარისი არ არის. ზოგადად, არ ვიცით, სეზონურად შეიცვლება ტენდენცია თუ არა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა მაია ბუცაშვილმა.

ვარაუდი, რომ ვირუსის გავრცელების ტემპები ტემპერატურის მატებასთან ერთად შემცირდება, რუსმა სპეციალისტებმაც გამოთქვეს.

როგორ გამოძერწა ექიმების ფიგურები პატარა ბიჭმა

ბათუმის თერთმეტი წლის მკვიდრმა მათემ პლასტელინისგან გამოძერწა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ფიგურები.

ასე გამოხატა მან მადლიერების გრძნობა ამ ადამიანების მიმართ, წერს „რეზონანსი“. ბიჭის დედის თქმით, ის ხუთი წლის ასაკიდან ძერწავს.

ბავშვს ამ სამი ადამიანის ფიგურების გამოძერწვის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც Facebook-ზე ნახა ექიმების კარიკატურა, დახატული ზაალ სულაკაურის მიერ, რომელიც ექიმებს ამ ფორმით უხდიდა მადლობას.