ჯარიმები და დაკავებები: პოლიციამ ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის 60 დამრღვევი გამოავლინა

ქართველი სამართალდამცველები საზოგადოებას წარუდგენენ სრულ ანგარიშს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევების დაჯარიმების თაობაზე
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. ბოლო ერთ დღეში ქართველმა სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის, კომენდანტის საათის 60 დამრღვევი გამოავლინეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

კომენდანტის საათის დარღვევისთვის საქართველოში 17 მოქალაქე დაჯარიმდა. კიდევ 23 დააჯარიმეს ერთად სამ ადამიანზე მეტის თავშეყრის აკრძალვის დარღვევისთვის.

ხუთი ადამიანი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის.

ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დაჯარიმდა შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის რეჟიმის დარღვევისთვის. კიდევ 12 მოქალაქე - მოქალაქეთა გადაყვანისა და ავტომობილით მოძრაობის წესების დარღვევისთვის.

უმუშევრობა და კომუნალურები: როგორ განაწილდება ბიუჯეტი >>

გარდა ამისა, მკაცრი მონიტორინგისას გამოვლინდა თვითიზოლაციის რეჟიმის ოთხი დამრღვევი.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით: ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარით და იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარით, ხელახალი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამრღვევს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.